22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში, ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია 10-საათიანი მუშაობის შემდეგ მოახერხეს. პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს. პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, რათა პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტს ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.