ზანდუკელის ქუჩაზე 18 იანვარს დაკავებული რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ორივე მათგანს 2200 ლარი დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებოდა. ადვოკატების თქმით, დაკავების მომენტში პოლიციელებს არ ჰქონდათ არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი - ეს ინფორმაცია თავად პროცესზე გამოცხადებულმა პოლიციელებმაც დაადასტურეს. 18 იანვარს, ფილარმონიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია იმავე დღეს დაკავებულთა სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, სახეები დაიფარეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან - ზანდუკელის ქუჩიდან - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა უცხოური ნომრის მქონე მანქანით წაიყვანეს ორი დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია.