21 წლის მათე დევიძე, რომელსაც ნოემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან კვლავ პატიმრობაში დატოვეს - თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა. პროკურორის განმარტებით, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს. მათე დევიძის ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცვე;ლებმა დევიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იშუამდგომლეს, რისი ოდენობის განსაზღვრაც სასამართლოს მიანდეს. თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.