მშენებლობაში ერთ-ერთი წამყვანი ნედლეული, არმატურა ძვირდება. საუბარია იმპორტირებულ არმატურაზე, რომელზეც ფასების 26%-ით ზრდას ვარაუდობენ. ამის მიზეზი მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 25 იანვრიდან იმპორტირებული ერთი ტონა არმატურა 420 ლარით დაიბეგრება. გადაწყვეტილება ძალაში 7 თვის განმავლობაში, 1-ელ სექტემბრამდე იქნება. გასულ წელს არმატურის იმპორტი ტონაზე საშუალოდ თუ 570 დოლარს შეადგენდა. დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ, მისი შემოტანა 718 დოლარამდე გაძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში არმატურის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. მეტიც, 2024 წლის 11 თვეში, საქონლის იმპორტმა მაქსიმუმს მიაღწია. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 351 671 ტონა არმატურა შემოვიდა, საშუალო ფასმა ტონაზე კი 570 დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის იგივე პერიოდში საქონლის იმპორტი 201 609 ტონა იყო. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც არმატურა ყველაზე დიდი რაოდენობით, შემოდის, იმპორტიორ ქვეყნებს შორის გასულ წელს ლიდერი იყო რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 51.3% მოდის, შემდეგ მოდის ირანი, აზერბაიჯანი, უკრაინა და თურქეთი.