ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ახალი არჩევნების სტრატეგიაზე მუშაობენ. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების ფორმაზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე პოზიციებს აჯერებენ. მომზადებულმა დოკუმენტმა სრულად უნდა უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებიც ახალი არჩევნების შესახებ, ოპოზიციის გეგმის ირგვლივ არსებობს. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანაში პროტესტისა და საგარეო წნეხიდან გამომდინარე, ქართული ოცნება დათმობაზე წავა და ახალი არჩევნები ჩაინიშნება. საბოლოო შედეგის მიღწევამდე, ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას განაგრძობენ. გეგმავენ, შექმნან სია, რომელშიც ყველა მოსამართლისა თუ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის გვარი დაფიქსირდება, ვინც საპროტესტო აქციებისას, დაკავებულებთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილებას იღებდა.