მაგნიტსკის სია, სავიზო და ფინანსური შეზღუდვები - ეს იმ სანქციების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბოლო 1 თვეში დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს დაუწესა. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საეთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერა ერთ-ერთია იმ ბერკეტთა შორის, რომელიც ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნას აიძულებს. ოპოზიცია საპროტესტო მუხტის დაკლებას არ ელის, პირიქით, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საპროტესტო პიკი 29 დეკემბრის შემდეგ იქნება და ამ მოსაზრებას იზიარებს შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი. მისი აზრით, ახლა ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ამ თემას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას წარმოადგენს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ დასავლეთის კონკრეტული სახელმწიფოები საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ.