მოზამბიკში არჩევნების სადავო შედეგებით გამოწვეული არეულობის დროს 1 500-ზე მეტი პატიმარი ციხიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. პრესკონფერენციაზე პოლიციის უფროსმა, ბერნარდინო რაფაელმა განაცხადა, რომ დაცვასთან შეტაკებისას 33 ადამიანი დაიღუპა და 15 კი დაშავდა. მისივე თქმით, დაახლოებით 150 გაქცეული მსჯავრდებული ხელახლა დააკავეს. პოლიციის უფროსის განცხადებით, 25 დეკემბერს მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტოში მდებარე ციხესთან მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრანტთა ჯგუფები მივიდნენ. პატიმრებმა არეულობით ისარგებლეს, კედელი ჩამოანგრიეს და გაიქცნენ.მოზამბიკში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც 1975 წლიდან მართავს ქვეყანას.„ბიბისის“ ცნობით, აქციები მოზამბიკში უკვე სამი თვეა გრძელდება. დემონსტრაციების ახალი ტალღის დროს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს მოჰყვა, ქვეყნის მასშტაბით გაძარცვეს, დააზიანეს და გადაწვეს მმართველი პარტიის ოფისები, პოლიციის განყოფილებები, ბანკები და ქარხნები. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა დანიელ ჩაპომ ხმების 71% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ ვენანსიო მონდლანემ – 20%. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩპომ გაიმარჯვა 65%-ით მონდლანეს კი 24%-მა დაუჭირა მხარი. მონდლანე, რომელიც მოზამბიკიდან გაქცეულია, მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს. მოზამბიკში არჩევნების შემდეგ სამთვიანი საპროტესტო აქციების დროს სულ 150 ადამიანი დაიღუპა.