ორბელიანების სასახლეში აუდიენცია დღესაც შედგება. ხელახალი არჩევნების ჩატარება და არსებული კრიზისიდან გამოსავალი - ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა მსჯელობს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. განხილვაშია დოკუმენტი, რომელიც არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და იმ პირობებს ეხება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ახალი, ლეგიტიმური არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტის როლზეც ამახვილებს. ისინი მზაობას გამოთქვამენ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის წარმომადგენლის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ყველა ბერკეტი გამოიყენონ.