* ქუინსი ჯონსი –
მართალია, ამერიკელმა კომპოზიტორმა და პროდიუსერმა ქუინსი ჯონსმა, რომელიც გასულ თვეში გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, პირველ რიგში, მაიკლ ჯექსონის პოპულარული ალბომის Thriller–ის პროდიუსერობით გაითქვა სახელი, მაგრამ სხვა საინტერესო პროექტებიც მრავლად განახორციელა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. საერთო ჯამში ჯონსმა, რომელიც 79–ჯერ იქნა ნომინირებული "გრემის" პრემიაზე, 28 ჯილდო მიიღო და ბრწყინვალე შედეგით დაადასტურა საკუთარი უნიკალურობა.
* * *
ქუინსი დილაით ჯონსი 1933 წლის 14 მარტს დაიბადა ჩიკაგოში, ამერიკის უმსხვილეს შავკანიანთა გეტოში, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახთან ერთად გადაბარგდა ამერიკის ჩრდილო–დასავლეთში, ქალაქ სიეტლში, სადაც აფროამერიკელები ნაკლებად განიცდიდნენ დისკრიმინაციას.
1951 წელს, 18 წლის ქუინსიმ სტიპენდია მოიპოვა და ბოსტონში, დღეს უკვე Berklee College of Music–ის სახელით ცნობილ, მაშინ კი, Schillinger House–ის სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც პირველი ამერიკული მუსიკალური სასწავლებელი იყო, სადაც ჯაზს ასწავლიდნენ. პრესტიჟულ კოლეჯში ჯონსმა მხოლოდ ერთი წელი ისწავლა, რადგან ბევრად მაცდუნებელი წინადადება მიიღო და ცნობილი შოუმენის ლაიონელ ჰემპტინის ჯაზ–ორკესტრთან ერთად გაემგზავრა ხანგრძლივ საგასტროლო ტურნეში.
მართალია, ჯონსმა ვერ შეძლო კოლეჯის დამთავრება, სადაც საყვირის კლასში სწავლობდა, მაგრამ ბერკლის მესვეურები სწორედ მას მიიჩნევენ სასწავლებლის ყველაზე წარმატებულ სტუდენტად, რომლის ჩარიცხვის დოკუმენტი ბერკლის ბოსტონის ოფისის მუზეუმშია გამოფენილი.
* * *
ჰემპტონის ბენდთან ერთად წარმატებული ტურნეს შემდეგ ჯონსი ნიუ–იორკში დასახლდა და ისეთი ცნობილი ჯაზ–მუსიკოსებისთვის შეუდგა არანჟირებაზე მუშაობას, როგორებიც სარა ვოენი, ქაუნთ ბეისი და დიუკ ელინგტონი, რეი ჩარლზი და ჯინ კრუპა არიან.
1956 წელს ჯონსი ახლო აღმოსავლეთში, ე.წ. "მესამე მსოფლიოს" ქვეყნებში მოწყობილ ტურნეში გაემგზავრა, მესაყვირე დიზი გილესპის ბენდთან ერთად, სადაც მუსიკოსები მეტწილად "ამერიკული კულტურის ელჩების" სტატუსით იგზავნებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, გასტროლებიდან დაბრუნებულმა კი, კომპანია ABC Paramount–თან გააფორმა კონტრაქტი და საკუთარ ორკესტრთან ერთად დაიწყო მუზიცირება.
1957 წელს ქუინსი პარიზში გაემგზავრა და ჯერ საკომპოზიციო ოსტატობის მოკლე კურსი გაიარა ნადია ბულანჟესა და ოლივია მესინასთან, მერე ფრანგულ ლეიბლს Barclay–ს შეუერთდა, რომელმაც სწორედ მისი პროდიუსერობით გამოუშვა ჟაკ ბრელისა და შარლ აზნავურის ჩანაწერები. ჯონსის შედეგებით ამერიკული ლეიბლის Mercury Records–ის ფრანგული განყოფილების მენეჯერებიც მოიხიბლნენ, რომელთაც ქუინსი საკუთარი კომპანიის მუსიკალურ დირექტორად დანიშნეს. პარიზში ჯონსმა მიუზიკლის Free And Easy–ის ორკესტრის მუსიკოსებისგან შექმნა ახალი ბენდი და მასშტაბური გასტროლები მოაწყო ჯერ ევროპაში, მერე ამერიკაში.
* * *
1964 წელს ჯონსი Mercury Records–ის ვიცე–პრეზიდენტად დაინიშნა და პირველი შავკანიანი გახდა ამ პოსტზე. მართალია, 60–იან წლებში ჯონსმა რამდენიმე ნიჭიერ ახალბედა მუსიკოსთან იმუშავა, მაგრამ მის მთავარ საპროდიუსერო პროექტად მაინც ფრენკ სინატრასა და ქაუნთ ბეისის ერთობლივი ალბომი It Might As Well Be Swing და კომპოზიცია Fly Me to the Moon იქცა, რომელიც მოგვიანებით სინატრას სავიზიტო ბარათი გახდა.
1965 წელს ჯონსმა სიდნი ლუმეტის პოლიტიკური დრამა "მევახშე" გააფორმა მუსიკალურად და ისევ პირველი აფროამერიკელი კომპოზიტორი გახდა, ვინც ფილმის საუნდთრეკზე იმუშავა. საერთო ჯამში ჯონსმა 33 ფილმისთვის დაწერა მუსიკა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 70–იან წლებში სწორედ კინომუსიკა იქცა მის პრიორიტეტად.
* * *
კინოინდუსტრიით გატაცების მიუხედავად 1967–1969 წლებში ჯონსმა რამდენიმე ინსტრუმენტული ალბომი გამოუშვა საკუთარი სახელით, რომელთა შორის კრიტიკოსთა განსაკუთრებული მოწონება ალბომმა Walking in Space დაიმსახურა, რადგან ჩანაწერი ჯონსის "ჰოლივუდის ტყვეობიდან განთავისუფლებად და თანამედროვე ჯაზს, საორკესტრო მუსიკას დაბრუნებად" შეფასდა.
* * *
1970–იანი წლების ბოლოს ყველასთვის მოულოდნელად ჯონსი პოპ–მუსიკით დაინტერესდა. მართალია, პროდიუსერი ბევრმა საკუთარი მუსიკის კომერციალიზაციაში დაადანაშაულა, მაგრამ მან ბრალდება არ მიიღო და ამაყად განაცხადა, რომ "ნებისმიერ ჟანრში შეიძლებოდა კარგი მუსიკის შექმნა". ჯონსის პირველ პროტეჟედ ახალგაზრდა მაიკლ ჯექსონი იქცა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე დატოვა ოჯახური ანსამბლი The Jackson Five და დამოუკიდებლად გადაწყვიტა კარიერის გაკეთება.
ჯონსისა და ჯექსონის მრავალრიცხოვან პროექტებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ორი ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარი – ალბომი Thriller, რომელიც 104 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მსოფლიო ჰიტი We Are The World იმსახურებს, რომლის ჩაწერაში ამერიკული მუსიკის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა. სწორედ ჯექსონის ორგანიზებით განხორციელდა საქველმოქმედო პროექტი ეთიოპიის მოშიმშილე მოსახლეობის დასახმარებლად, რომელიც 7 500 000 ეგზემპლარად გაიყიდა, მიღებულმა თანხამ კი, 50 მილიონი დოლარი შეადგინა.
* * *
პირველი პრემია 28 "გრემის" მფლობელმა ჯონსმა 1963 წელ მიიღო საუკეთესო ინსტრუმენტული არანჟირებისთვის, უკანასკნელი კი, 2018 წელს დაიმსახურა საუკეთესო მუსიკალური ფილმისთვის. 1991 წელს კომპოზიტორი და პროდიუსერი სპეციალური პრემიით "გრემის ლეგენდით" დაჯილდოვდა, 1968 წელს კი, საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში"ოსკარის" პრემიაზე წარდგენილი პირველი აფროამერიკელი კომპოზიტორი გახდა. ნომინაცია ჯონსმა რიჩარდ ბრუქსის ფილმისთვის "ცივსისხლიანი მკვლელობისთვის" შექმნილი კომპოზიციისთვის დაიმსახურა.