* ბოი ჯორჯი და Culture Club -
ბრიტანელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, მოდელიერმა და ფოტოგრაფმა ბოი ჯორჯმა პოპულარობა 1980-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როცა ჯგუფის Culture Club-ის ვოკალისტი გახდა. თუმცა, ჯორჯმა არა მხოლოდ საკუთარი ტალანტის, არამედ არაორდინალური გარეგნობის წყალობითაც დაიმსახურა მრავალმილიონიანი პუბლიკის ყურადღება, რადგან პრესა ყოველთვის თავგამოდებით განიხილავდა მის ეპატაჟურ სტილსა და ექსცენტრიკული ქცევის მანერას.
მართალია, ბევრისთვის მიუღებელი იმიჯისა და ცხოვრების წესის წყალობით ჯორჯმა სკანდალური რეპუტაცია შეიძინა, მაგრამ უდავოა მისი გავლენა მე-20 საუკუნის ბოლოს მუსიკისა და მოდის ინდუსტრიაზე, რადგან სწორედ ჯორჯი იქცა 1980-იან წლების ბრიტანეთში პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის "ახალი რომანტიკის" ფუძემდებლად.
* * *
ჯორჯ ალან ო'დაუდი 1961 წლის 14 ივნისს დაიბადა ლონდონის გარეუბანში, მრავალშვილიან, ღრმად მორწმუნე კათოლიკეების, თუმცა ნაკლებად შეძლებულ ოჯახში. როგორც ჩანს, მწირი შემოსავალი და მუდმივი პრობლემები ოჯახის წევრებზეც ნეგატიურად აისახა, რადგან მუსიკოსის უმცროსი ძმა შიზოფრენიით დაავადდა, მამა კი, რომელსაც ისედაც მძიმე ხასიათი ჰქონდა, ალკოჰოლს მიეძალა და ნამდვილ ტირანად იქცა. ჯორჯს ძალიან არ უყვარდა საკუთარ ბავშვობაზე საუბარი, მისმა დედამ კი, ერთ–ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ მოძალადე მეუღლე მასთან ერთად შვილებსაც ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.
ჯორჯი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისგან, რადგან გამომწვევ სამოსთან ერთად მაკიაჟსაც აქტიურად მოიხმარდა, უარს ამბობდა სკოლაში სწავლაზე, ხმამაღლა გამოთქვამდა სიძულვილს საზოგადოებრივი ნორმების მიმართ და ყველანაირად ცდილობდა საკუთარი ინდივიდუალურობის ხაზგასმას.
15 წლის ჯორჯი სკოლიდან გარიცხეს, ორი წლის შემდეგ კი, ოჯახის წევრებით მოქანცულმა საკუთარი სურვილით დატოვა სახლი და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. დღისით მომავალი მუსიკოსი ხან მტვირთავად, ხან კურიერად მუშაობდა, საღამოებს კი, ლონდონის გეი–კლუბებში ატარებდა.
* * *
ბავშვობიდან მუსიკით გატაცებული ჯორჯის კერპები დევიდ ბოუი და მარკ ბოლანი იყვნენ, რომელთაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე.
ჯორჯის დებიუტი 1980–იანი წლების დასაწყისში შედგა ცნობილი ბუნტისთავების Sex Pistols–ის მენეჯერის მალკოლმ მაკლარენის დახმარებით, რომელიც შემთხვევით გაიცნო ერთ–ერთ კლუბში და სწორედ მისი წყალობით გახდა ჯგუფის Bow Wow Wow–ს ვოკალისტი, თუმცა პუბლიკას დამწყები მუსიკოსი "ლეიტენანტ ლაშის" ფსევდონიმით გაეცნო.
მართალია, ეპატაჟური იმიჯით ჯორჯმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ ჯგუფის წევრები აღმოჩნდნენ უკმაყოფილო, რადგან სწორედ საკუთარი ექსტრავაგანტურობისა და ქარიზმის წყალობით დაჩრდილა კოლეგები, რომელთაც საბოლოოდ ჯგუფის დატოვება აიძულეს.
* * *
ძველი კოლექტივიდან წასვლის შემდეგ ჯორჯმა საკუთარი ჯგუფი Sex Gang Children შექმნა, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ Culture Club–ის სახელი შეიძინა და ბრიტანული მუსიკისთვის უჩვეულო მიმდინარეობა – "ახალი რომანტიკა" დაამკვიდრა. ეპატაჟურმა მუსიკოსმა, რომელმაც უარი თქვა ძველ ფსევდონიმზე და უბრალოდ ბოი ჯორჯი გახდა, სწრაფად გამონახა საერთო ენა ჯგუფის წევრებთან, ვისთან ერთადაც უამრავი საინტერესო კომპოზიცია შექმნა.
ჯგუფს პირველივე მცდელობით გაუმართლა, რადგან სადებიუტო ალბომის Kissing to Be Clever–ის რამდენიმე კომპოზიციამ სწრაფად მოიპოვა ამერიკული ჩარტის ლიდერობა, პოპულარული სიმღერა Do You Really Want To Hurt Me კი, ჯერ ჰიტად, მერე კი, ჯგუფის სავიზიტო ბარათად იქცა. მეტიც, 2021 წლის მონაცემებით კომპოზიციის კლიპმა 100 მილიონი ნახვა მოაგროვა YouTube–არხზე, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქარიზმატული და ექსცენტრიკული მუსიკოსის შემოქმედება არა მხოლოდ გასული საუკუნის, არამედ თანამედროვე მელომანებისთვის აქტუალური აღმოჩნდა.
წარმატებული გამოდგა მეორე ალბომიც Colour By Numbers, რომელიც ჯგუფმა 1983 წელს გამოუშვა. ნაკრებმა რამდენიმე ევროპული ჩარტის ლიდერობა მოიპოვა და 10–მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა ბრიტანეთში, რაც როკ–მუსიკაზე ორიენტირებული პუბლიკის გათვალისწინებით ნამდვილ საოცრებად იქცა.
ალბომის მთავარი ჰიტი კომპოზიცია Karma Chameleon გახდა, რომლის ვიდეომ ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგან ერთ–ერთი პირველი კლიპი აღმოჩნდა, რომელმაც რასიზმისა და სეგრეგაციის ნორმებზე უარის თქმით ასახა თეთრკანიანი და შავკანიანი ამერიკელების კოლექტიური მოგზაურობა მდინარე მისისიპიზე.
* * *
პოპულარობის მიუხედავად 1980–იანი წლების ბოლოს Culture Club დაიშალა, მიზეზი კი, ჯორჯის კონფლიქტი გახდა ჯგუფის წევრებთან, განსაკუთრებით ჯონ მოსთან, ვისთანაც ჯერ პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა, მერე კი, ისე მოიძულა, რომ მისივე განცხადებით, "ერთ ოთახში ყოფნაც აუტანელი გახდა".
მართალია, Culture Club–ის დაშლის შემდეგ ჯორჯმა, რომელსაც ხანგრძლივი რეაბილიტაციის გავლა მოუწია ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დასაძლევად, სოლო კარიერა წამოიწყო და რამდენიმე წარმატებული კომპოზიციაც ჩაწერა, მაგრამ ძველი პოპულარობა მაინც ვერ დაიბრუნა, საბოლოოდ თქვა უარი მუსიკაზე და მოდის ინდუსტრიაში გადაინაცვლა, სადაც სრულად შეძლო საკუთარი ექსტრავაგანტური იდეების რეალიზება.