კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აქციებზე სახის ნიღბით დაფარვა და პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება, საბოლოო მოსმენით დამტკიცდა - მათი გამოყენების შემთხვევაში მომიტინგე 2 000 ლარით დაჯარიმდება. შეკრება - მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს. ამავე პაკეტის გათვალისწინებით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. დღესვე პარლამენტმა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 82-ხმით, ერთხმად დაამტკიცა. ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამოც. შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის კი, არსებული ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 1000 ლარიან ჯარიმასთან ერთად 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს