არნოლდ შვარცენეგერი - არნი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს მიეკუთნება, ვინც ყველა სფეროში მიაღწია წარმატებას, რომელსაც შეეჭიდა. ერთ-ორად დასაფასებელია მისი მიღწევები, რადგან დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის წყალობით შეძლო აღიარების მოპოვება - Palitra News

არნოლდ შვარცენეგერი - არნი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს მიეკუთნება, ვინც ყველა სფეროში მიაღწია წარმატებას, რომელსაც შეეჭიდა. ერთ-ორად დასაფასებელია მისი მიღწევები, რადგან დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის წყალობით შეძლო აღიარების მოპოვება

2024-12-12 09:36:27+04:00

* არნოლდ შვარცენეგერი -

"თუ მიზანი შენი ვნებაა, თუ მართლა გინდა რაღაცის მიღწევა, ყველაფერს გააკეთებ მის მისაღწევად და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ტკივილის მოთმენა, მსხვერპლის გაღება და დაბრკოლების გადალახვა მოგიწევს", - აღნიშნა ავსტრო-ამერიკელმა ბოდიბილდერმა, მსახიობმა და პოლიტიკოსმა არნოლდ შვარცენეგერმა.

არნი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს მიეკუთნება, ვინც ყველა სფეროში მიაღწია წარმატებას, რომელსაც შეეჭიდა. ერთ-ორად დასაფასებელია მისი მიღწევები, რადგან დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის წყალობით შეძლო აღიარების მოპოვება და ჰოლივუდელ კოლეგებთან ერთად პოლიტიკოსების პატივისცემის დამსახურება.

სახელი შვარცენეგერმა 1970-იან წლებში გაითქვა, როცა ხუთჯერ "მისტერ სამყაროს" და შვიდჯერ "მისტერ ოლიმპიას" ტიტულის მფლობელი გახდა და ყველა დროის ყველაზე წარმატებული ბოდიბილდერის სტატუსით შევიდა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

უნიკალური აღნაგობისა და იშვიათი ათლეტურობის წყალობით შვარცენეგერმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ჰოლივუდში და არა მხოლოდ ბოევიკების ვარსკვლავი გახდა, არამედ სხვადასხვა ჟანრის ფილმებსაც მოუყარა თავი საკუთარ ფილმოგრაფიაში. 1980-1990-იან წლებში მსახიობი ისეთ ცნობილ რეჟისორებთან მუშაობდა, როგორებიც პოლ ვერჰოვერნი, ჯონ მილიუსი, ჯეიმს კამერონი და ივან რეიტმანი არიან.

წარმატებული კინოკარიერის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის თავგამოდებულმა მხარდამჭერმა შვარცენეგერმა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე იყარა კენჭი და ისევ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, სამი წლის შემდეგ კი, მეორე ვადით გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ 2004 და 2007 წლებში შვარცენეგერი ორჯერ მოხვდა ჟურნალ Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, 2010 წელს კი, არასამთავრობო ორგანიზაცია R20 დააარსა და აქტიურად შეუდგა ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობას.

2015 წელს შვარცენეგერი ტერმინატორის საკულტო როლს დაუბრუნდა ფრანშიზას მეხუთე ნაწილში "ტერმინატორი: გენეზისი". შეუცვლელი აღმოჩნდა არნი ოთხი წლის შემდეგაც, როცა ტიმ მილერის ფილმში "ტერმინატორი: ბნელი ბედისწერა" განასახიერა საყვარელი პერსონაჟი.

* * *

არსებობს ლეგენდა, თითქოს მცირეწლოვანმა არნიმ ვიტრინაში დაინახა ჟურნალი, რომლის გარეკანზე უძველესი მეომრის კოსტიუმში გამოწყობილი დაკუნთული მამაკაცი იყო გამოსახული წარწერით: "მისტერ სამყარო ახალ ფილმში "ჰერკულესში" მონაწილეობს". დაკუნთული სპორტსმენი რეგ პარკი აღმოჩნდა, რომელიც ბოდიბილდერის წარმატებული კარიერის შემდეგ მსახიობი გახდა, მერე კი, დაგროვილი კაპიტალით ფიტნეს-კლუბების საკუთარი იმპერია შექმნა. სწორედ მაშინ დაისახა მიზნად შვარცენეგერმა საკუთარი კერპის გზის გამეორება - ჯერ "მისტერ სამყაროს" ტიტულის მოპოვება, მერე ჰოლივუდის ვარსკვლავობა და გამდიდრება. როგორც ჩანს, ადრეული ასაკიდანვე სიჯიუტით გამორჩეულ არნის სწორედ მიზნის დასახვა სჭირდებოდა, რომელიც ცხოვრების აზრად იქცეოდა და ნებისმიერ ფასად მიაღწევდა.

ბოდიბილდინგის პირველი გაკვეთილი შვარცენეგერმა 14 წლის ასაკში მიიღო და პრაქტიკულად მთელი ახალგაზრდობა მიუძღვნა, რადგან ისე გაიტაცა საკუთარმა ოცნებამ, რომ ვერც უქმეებზე დახურულმა სპორტდარბაზმა შეაჩერა, სადაც ფანჯრიდან ძვრებოდა, ვერც სამხედრო სამსახურმა, რომელიც თვითნებურად დატოვა "მისტერ ევროპის" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

"იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შეჯიბრში მონაწილეობა, რომ შედეგებზე აღარ დავფიქრდი", - გაიხსენა მოგვიანებით შვარცენეგერმა, რომლის თვითნებობა რამდენიმედღიანი პატიმრობით დაისაჯა. თუმცა, მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებებს. მეტიც, სწორედ "მისტერ სამყაროს" ტიტული იქცა არნისთვის იმ გარანტირებულ ბილეთად ამერიკაში, რომელიც ჯერ სახელის გაკეთებაში, მერე უზარმაზარი კაპიტალის დაგროვებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ასაკში არნი ყველაზე ახალგაზრდა ბოდიბილდერი გახდა, ვინც "მისტერ სამყაროს" ტიტულის მოპოვება შეძლო, მერე კი, მცირე დანაზოგითა და საბაზისო ინგლისურის ცოდნით გაემგზავრა ამერიკაში. მართალია, ოკეანის გადაღმა შვარცენეგერს არც შეძლებული მეგობრები ჰყავდა, არც გავლენიანი მეურვეები, ვინც კარიერის გაკეთებაში დაეხმარებოდა, მაგრამ მიზანდასახულმა ათლეტმა მაინც არ დაიხია უკან, პირდაპირ სანტა-მონიკას ცნობილ კლუბს Gold's Gym-ს და მის მფლობელს, ბოდიბილდერების ფედერაციისა და კონკურსის "მისტერ ოლიმპიას" დამფუძნებელს ჯო ვეიდერს მიადგა.

1970 წელს 23 წლის ასაკში შვარცენეგერმა "მისტერ ოლიმპიას" პირველი ტიტული მოიპოვა ნიუ-იორკში, რასაც მოგვიანებით კიდევ ექვსი გამარჯვება მოჰყვა ამავე კონკურსში. აღსანიშნავია, რომ გამდიდრებაზე მეოცნებე არნიმ პირველი მილიონი არა ჰოლივუდური ჰონორარის, არამედ ბიზნეს-პროექტის წყალობით მოიპოვა, როცა "მისტერ ოლიმპიას" კონკურსში მიღებული ფულადი პრიზი ჯერ უძრავ ქონებაში დააბანდა, მერე კი, ფიტნეს-დარბაზებისთვის სპორტული აღჭურვილობის გაყიდვას შეუდგა.

* * *

ბოდიბილდინგის სამყაროში მოპოვებული პოპულარობის მიუხედავად, ჰოლივუდელებისთვის ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა შვარცენეგერის მიღწევები. "აგენტები და ქასთინგის მესვეურები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ უცნაური აღნაგობა, სასაცილო აქცენტი და ზედმეტად გრძელი გვარი მქონდა, ამიტომ სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან მეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამომივიდოდა", -აღნიშნა შვარცენეგერმა, რომლის მთავარი ღირსება - ჭარბი კუნთოვანი მასა სერიოზულ ნაკლად იქცა კინოში, რადგან არაბუნებრივად გამოიყურებოდა ეკრანზე, მისი გვარი და გერმანული აქცენტი კი, მაყურებლისთვის აღმოჩნდა მიუღებელი.

მართალია, შვარცენეგერმა ჯერ საგრძნობლად დაიკლო წონაში, მერე კი, სამსახიობო ოსტატობის რამდენიმე გაკვეთილი მიიღო, მაგრამ სადებიუტო ფილმში - არტურ საიდელმანის სათავგადასავლო ბლოქბასტერში "ჰერკულესი ნიუ-იორკში" მაინც არნოლდ სთრონგის ფსევდონიმით მოუწია მონაწილეობა, მისი ისედაც მწირი დიალოგები კი, დუბლიორის მიერ იქნა თავიდან გახმოვანებული.

ნაკლებად წარმატებულ დებიუტს რამდენიმე მარცხიანი პროექტი მოჰყვა. შვარცენეგერს მხოლოდ 1982 წელს გაუმართლა, როცა ჯონ მილიუსმა ფანტასტიკური ბოევიკის "ბარბაროსი კონანი" გადაღება გადაწყვიტა. მართალია, მთავარ როლზე რეჟისორი სილვესტერ სტალონეს და ჩარლზ ბრონსონის კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ არნის გაცნობის შემდეგ სწორედ მის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. თუმცა, რეპეტიტორის დაქირავებაც მოუწია, ვისთან ერთადაც შვარცენეგერმა საკუთარი როლი ისწავლა. "სათითაოდ ვსწავლობდი რეპლიკებს და თითოეულს სულ მცირე 20-ჯერ ვიმეორებდი", - აღნიშნა მსახიობმა, რომელსაც ისევ თანდაყოლი შეუპოვრობა დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში.

მონდომებამ გაამართლა, რადგან სწორედ "ბარბაროსი კონანი" იქცა შვარცენეგერის სავიზიტო ბარათად და განსაზღვრა მისი მომავალი კინოში. მოპოვებული წარმატება არნიმ ფილმებში "დამანგრეველი კონანი" და "ჟღალთმიანი სონია" განამტკიცა, 1984 წელს კი, ახალგაზრდა რეჟისორის ჯეიმს კამერონის ფანტასტიკურ ბოევიკში "ტერმინატორში" მიიღო მთავარი როლი.

* * *

აღსანიშნავია, რომ თავიდან არავის სჯეროდა "ტერმინატორის" წარმატების, გაუჭირდათ საერთო ენის მოძიება შვარცენეგერსა და კამერონსაც, რადგან რეჟისორს "ძალოსანი" მსახიობის არ სჯეროდა, თავად არნის კი, კამერონის ჩანაფიქრი არ მოსწონდა. სინამდვილეში, ტერმინატორი ჯაშუში რობოტი უნდა ყოფილიყო, რომელიც მარტივად ჩაიკარგებოდა ხალხის მასაში, შვარცენეგერის ფაქტურის პერსონაჟის არ შემჩნევა კი, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

პირვანდელი სცენარი რეჟისორისა და მსახიობის პირად შეხვედრაზე შეიცვალა, როცა არნიმ საკუთარი იდეებით გააოცა კამერონი. მეტიც, სწორედ მისი შეთავაზებით იქცა, ჯაშუში იდეალურ მკვლელ-რობოტად, რომლისთვისაც არც მეტოქე არსებობდა, არც წინაღობა.

მართალია, დღეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ არნი ჯიუტად მოითხოვდა ფილმიდან ცნობილი ფრაზის I’ll be back ამოღებას, რადგან ვერაფრით შეძლო მისი გამოთქმა ჩვეული აქცენტის გარეშე. კამერონმა არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და როგორც ჩანს კარგად მოიქცა, რადგან სწორედ "მე დავბრუნდები!" იქცა შვარცენეგერის საფირმო ფრაზად, რადგან არა მხოლოდ მრავალგზის გაიმეორა სხვა ფილმებში, არამედ ჰოლივუდის ბულვარზეც ამავე ფრაზის გვერდით დატოვა საკუთარი ხელების ანაბეჭდი.

6-მილიონიანი ბიუჯეტით შექმნილმა "ტერმინატორმა" მთელი 78 მილიონი დოლარი მოაგროვა გაქირავებაში, შვარცენეგერს კი, დიდი ხნის ოცნება აუსრულა და ჰოლივუდის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. მეტიც, 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში შესრულებული როლების წყალობით ფილმებში "კომანდოსი", "კომპრომისების გარეშე" და "წითელი სიცხე" არნი ნამდვილ ექშენ-გმირად იქცა, რომელიც ახლა უკვე თვითონ ირჩევდა პროექტებს და კარნახობდა რეჟისორებს საკუთარ პირობებს.

1990 წელს შვარცენეგერმა ჯერ ფილიპ დიკის მოთხრობაზე "ჩვენ ყველაფერს გაგახსენებთ" შეიძინა უფლებები, მერე კი, პოლ ვერჰოვერნი დაიყოლია ფილმის გადაღებაზე, რომელმაც სამეცნიერო-ფანტასტიკა "ყველაფრის გახსენება" დადგა. არნის იდეამ გაამართლა, რადგან ფილმმა არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ამერიკელი კინოაკადემიკოსების მოწონებაც დაიმსახურა, რომელთაც სპეციალური "ოსკარით" აღნიშნეს ფილმის ვიზუალური ეფექტები.

1988 წელს შვარცენეგერმა ამპლუა შეიცვალა და აივენ რეიტმანის კომედიაში "ტყუპებში" შეასრულა მთავარი როლი. "მართალია, ძალიან მომწონდა ბოევიკების ვარსკვლავის სტატუსი, მით უფრო, რომ ჩემი პერსონაჟები მუდმივად საკასო რეკორდებს ამყარებდნენ, მაგრამ მაინც სიახლე მომინდა. რა თქმა უნდა, ძალიან მეშინოდა კომიკური პერსონაჟის განსახიერება, რადგან არ ვიცოდი რამდენად შევძლებდი მაყურებლის გახალისებას, თუმცა რისკმა გაამართლა", - აღნიშნა არნიმ, რომელმაც უარი თქვა ჰონორარზე, მხოლოდ პროცენტის მიღებას დათანხმდა "ტყუპების" შემოსავლიდან და ისევ გაუმართლა, რადგან მოგება ბევრად მეტი აღმოჩნდა.

* * *

პოლიტიკით შვარცენეგერი 1990-იანი წლების ბოლოს დაინტერესდა, როცა სპორტსა და კინოში ყველა ამბიცია დაიკმაყოფილა. თუმცა, არნის ნაცნობების მტკიცებით, სწორედ პოლიტიკოსობა იყო მისი პირვანდელი მიზანი, ათლეტისა და მსახიობის კარიერა კი, მხოლოდ აუცილებელ ეტაპებად იქცა მთავარი მიზნის მისაღწევად.

2003 წელს შვარცენეგერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე გეგმავდა კენჭისყრას, რითაც ბევრი გააკვირვა, რადგან პოპულარობის მიუხედავად ნაკლებად იყო ცნობილი მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. მოულოდნელი აღმოჩნდა "ტერმინატორის" გადაწყვეტილება ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ორიგინალური ხუმრობების მოფიქრებაში.

ქილიკისა და ირონიის მიუხედავად შვარცენეგერმა ჩვეული შეუპოვრობით გააგრძელა წინსვლა და სასურველ მიზანსაც მიაღწია, დიდი უპირატესობით დაჯაბნა კონკურენტი და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე არჩეული შვარცენეგერი არა მხოლოდ შტატის 38-ე, არამედ 1862 წელს ამავე პოსტზე არჩეული ჯონ დაუნის შემდეგ პირველი გუბერნატორი გახდა, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა.

მართალია, პოლიტიკური საქმიანობის დროს შვარცენეგერი სერიოზულ კონკურენციას წააწყდა, რადგან ოპონენტებმა კომპრომატებით მოინდომეს მასთან გამკლავება, მაგრამ არნი ამ შემთხვევაშიც დაუმარცხებელი აღმოჩნდა. გულწრფელად აღიარა მეუღლის ღალატი, საჯაროდ მოინანია დანაშაული და 2006 წელს მეორე ვადით დაიკავა გუბერნატორის პოსტი.

სავარაუდოდ უძლეველი "ტერმინატორი" მესამედაც სიამოვნებით იყრიდა კენჭს, თუმცა კონსტიტუციამ არ მისცა უფლება და 2011 წელს საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. სხვათა შორის, გუბერნატორის პოსტზე შვარცენეგერის ერთ-ერთ პროექტად შტატში ხარჯების შემცირება იქცა, რომელიც ბრწყინვალედ განახორციელა, მით უფრო, რომ უარი თქვა ხელფასზე, რომელმაც წელიწადში 175 ათასი დოლარი შეადგინა.