* იოჰან სებასტიან ბახი -
მართალია, მე-18 საუკუნეში იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედება პრაქტიკულად მივიწყებულ იქნა, მაგრამ მოგვიანებით გერმანელმა კომპოზიტორმა, ორღანისტმა და კაპელმაისტერმა მაინც დაიბრუნა ძველი დიდება.
დღეს ბახი მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ უნიჭიერეს კომპოზიტორად ითვლება და სამართლიანად ატარებს ამ საპატიო წოდებას, რადგან 1000-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორმა თავისი დროის ყველა მნიშვნელოვან ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები ოპერის გარდა და ბაროკოს მუსიკალური ხელოვნების ნამდვილი შედევრები შექმნა.
* * *
იოჰან სებასტიან ბახი 1685 წლის 21 მარტს (ზოგიერთი მონაცემით 31 მარტს) დაიბადა თიურინგიის მხარეში, პატარა ქალაქ აიზენახში, მუსიკოსების იოჰან ამბროზიუს ბახისა და მარია ელისაბედ ლემერჰარტის ოჯახში.
ბახის გვარმა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის დასაწყისში გაითქვა სახელი თავისი მუსიკალურობით, რადგან კომპოზიტორის წინაპრებს შორი მრავლად იყვნენ პროფესიონალი მხატვრები და მუსიკოსები, მით უფრო, რომ თიურინგიის და საქსონიის ეკლესია, ადგილობრივი ხელისუფლება და არისტოკრატია იმ პერიოდში აქტიურად უჭერდა მხარს ხელოვანებს.
* * *
რვა და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იოჰან სებასტიანის მუსიკის პირველი მასწავლებელი მისი უფროსი ძმა იოჰან კრისტოფი გახდა, როცა ის მხოლოდ 10 წლის იყო. მართალია, მომავალი კომპოზიტორი შეძლებულ და პატივცემულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ უდარდელი ბავშვობა სწრაფად დამთავრდა, რადგან 9 წლისას ჯერ დედა გარდაეცვალა, ერთი წლის შემდეგ კი, მამაც დაეღუპა. სწორედ მაშინ აიღო მასზე მეურვეობა იოჰან კრისტოფმა, რომელიც მეზობელი ქალაქის - ორდრუფის პროტესტანტულ ეკლესიაში მსახურობდა ორღანისტად.
ძმის წყალობით მცირეწლოვანი ბახი ჯერ საეკლესიო გუნდს შეუერთდა, მერე ორღანსა და კლავირზე ისწავლა დაკვრა. 15 წლის იოჰან სებასტიანი ლუნებურგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1700 წელს წმინდა მიქაელის ვოკალის სკოლაში ჩაირიცხა. სკოლაში სწავლის პერიოდში ბახი ჰამბურგს - გერმანიის უმსხვილეს მუსიკალურ ქალაქს და ქვემოსაქსონიის კულტურულ ცენტს - ცელეს ესტუმრა, სადაც ფრანგული მუსიკა იყო პოპულარული, ლიუბეკში კი, თავისი დროის ცნობილი მუსიკოსების შემოქმედებას გაეცნო.
ამავე წლებს მიეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები ორღანისა და კლავირისთვის. როგორც ჩანს, საეკლესიო გუნდში სიმღერასთან ერთად მოზარდი ბახი სკოლის კვინტეტშიც უკრავდა ორღანსა და კლავესინზე. აღსანიშნავია, რომ წმინდა მიქაელის სკოლაში მომავალი კომპოზიტორი არა მხოლოდ მუსიკის ხელოვნებას დაეუფლა, არამედ ლათინური, იტალიური და ფრანგული ენები, ღვთისმსახურება, ისტორია და გეოგრაფიაც ბრწყინვალედ შეისწავლა და წარჩინებით დაამთავრა სკოლა.
წმინდა მიქაელის სკოლაში გაიცნო ბახმა ჩრდილოეთ გერმანელი არისტოკრატებისა და ცნობილი ორღანისტების შვილებიც, რომელთა დახმარებით საუკეთესო ინსტრუმენტებზე დაკვრის საშუალება მიიღო და ცოდნა გააფართოვა თავისი ეპოქის კომპოზიტორებზე, მათ შორის დიტრიხ ბუქსტეჰუდზე, რომელსაც ყოველთვის ეთაყვანებოდა.
სხვათა შორის, ყოველმხრივ განვითარებულ, საოცრად ნიჭიერ კომპოზიტორს არა მხოლოდ აბსოლუტური სმენა, არამედ ფენომენალური მეხსიერებაც ჰქონდა, რომლის წყალობით ერთი მოსმენით იმახსოვრებდა მანამდე უცნობი ნაწარმოების მელოდიას.
* * *
გადმოცემის თანახმად, კომპოზიტორს მხოლოდ მუსიკის ფონზე შეეძლო დაძინება, ამიტომ სისტემატურად აიძულებდა მოსწავლეებს მისთვის "ძილისპირული მუსიკის" დაკვრას. ამასთანავე, ბახი, რომელსაც ზედმეტად ფიცხი ხასიათი ჰქონდა, არასდროს გამოირჩეოდა თავშეკავებით. ამბობენ, თითქოს მოთმინებადაკარგული კომპოზიტორი არა მხოლოდ უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მოსწავლეებსა და ქვეშევრდომებს, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ხშირად აყენებდა.
* * *
აღსანიშნავია, რომ სწორედ პროგრესულად მოაზროვნე ბახის წყალობით გახდა შესაძლებელი საეკლესიო გუნდში ქალბატონების დაშვება, რომელთაც მანამდე კატეგორიულად ეკრძალებოდათ მამაკაცებთან ერთად სიმღერა.
* * *
1977 წელს სამეცნიერო პროგრამის Voyager-ის ფარგლებში NASA-მ ორი იდენტური ავტომატური ზონდი გაგზავნა კოსმოსში, რომელთა ბორტზე რამდენიმე ოქროს ფირფიტაც მოათავსა. "დედამიწელების" შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის აღმოჩნდა ბახის ბრანდენბურგის მეორე კონცერტის პირველი ნაწილიც ორკესტრის შესრულებითა და კარლ რიხტერის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ე.წ. "ვოიაჯერები" დღემდე ფუნქციონირებენ და კოსმოსურ ცივილიზაციებს ბრწყინვალე მუსიკის მოსმენის საშუალებას აძლევენ.
* * *
მართალია, მამის გზა გააგრძელეს ბახის შვილებმაც, რომელთაც საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწიეს საკომპოზიციო საქმეში, მაგრამ მისი წარმატების გამეორება მაინც ვერცერთმა ვერ შეძლო. სხვათა შორის, ორი ქორწინებიდან კომპოზიტორს 20 შვილი შეეძინა, თუმცა 8 ჩვილობაში დაიღუპა.
* * *
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში ბახის საზოგადოება შეიქმნა, რომლის მთავარ მიზანს კომპოზიტორის ნამუშევრების შეგროვება, შესწავლა და გავრცელება წარმოადგენდა. სწორედ ენთუზიასტთა საზოგადოების მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული სამუშაოს წყალობით გახდა შესაძლებელი კომპოზიტორის თითქმის ყველა ნაწარმოების თავმოყრა და მისთვის ძველი დიდების დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ 1750 წელს, გარდაცვალების შემდეგ არა მხოლოდ ბახის მუსიკა მიეცა დავიწყებას, არამედ მისი საფლავიც დაიკარგა, რომელიც მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა მოძიებული.
სხვათა შორის, ბახის თაყვანისმცემელთა შორის იყო ცნობილი გერმანელი მწერალი, "ფაუსტის" ავტორი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეც, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ ბახის მუსიკა ეხმარებოდა საკუთარ თავთან ჰარმონიის მოძიებაში.
გერმანელებმა საყვარელ კომპოზიტორს 11 ძეგლი დაუდგეს, მის ცხოვრებას კი, ორი ათეული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მიუძღვნეს, პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ New York Times-მა კი, 2000 წელს სწორედ ბახს მიანიჭა კაცობრიობის ისტორიის საუკეთესო კომპოზიტორის ტიტული.