საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. ქვეყნის შიგნით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი იმის მანიშნებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად არ აღიარებს და საკუთარ კრიტიკულ გზავნილებს აჟღერებს იმ პირთან, ვინც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიაჩნია. ხელისუფლების ოპონენები მადლობას უხდიან საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყნისათვის კრიზისულ მომენტში ჩართულობისთვის. ოპოზიციას წინააღმდეგობის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვთ. ბიძინა ივანიშილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქართულმა ოცნებამ გაავრცელა. ამის შემდეგ შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, რომელმაც საუბრის კრიტიკული დეტალებიც გაასაჯაროვა. როგორც ცნობილი ხდება მაკრონმა ივანიშვილთან საუბრისას საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, და მოუწოდა დაკავებულების გათავისუფლებისკენ.