ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების საპასუხოდ მმართველი გუნდი ახალი ინიციატივების განხილვას იწყებს. მმართველი გუნდი საქართველოში პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციების დაწესებას აპირებს. ინიციატივის თანახმად საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასევე დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება. დაგეგმილია საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის მიღებაც. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მათ განხილვას ოპოზიციის გარეშე აპირებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აღნიშნული ცვლილებების მიღება აუცილებელია, ხელისუფლების ინიციატივებს კი ავტოკრატიული რეჟიმის მორიგ გამოვლინებად მიიჩნევს ოპოზიცია. აღნიშნული ორი ინიციატივის გარდა ქართული ოცნება „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ და „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანასაც გეგმავს.