პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2024-12-10 09:26:31+04:00

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ფსევდო საკანონმდებლო ბერკეტებით საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგაროსწორებას ცდილობს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ოპოზიციისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად დროს უმნიშვნელო საკითხებს უთმობს.