საერთაშორისო ლიდერები სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობას ეხმაურებიან. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის აქტია, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს. ბაიდენის თქმითვე, არსებობს რისკები, რომლის გათვალისწინებითაც, აშშ სირიის მეზობლებს, მათ შორის იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს მხარს დაუჭერს, თუ სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში რაიმე საფრთხე წარმოიქმნება. ამასთან, ქვეყანა დაეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფას და აშშ-სა თუ ნებისმიერ პერსნალს დაიცავს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ISIS-ის წინააღმდეგ მისია შენარჩუნდება. ასადის რეჟიმის დაცემას ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ეხმაურება. მისი თქმით, ევროპა მზადაა მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას, სადაც უმცირესობების უფლებები დაცული იქნება. სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ.