Eurythmics - Sweet Dreams (Are Made of This) -
ბრიტანულმა დუეტმა Eurythmics-მა, რომელიც 1980 წელს შექმნეს ენი ლენოქსმა და დევიდ სტიუარტმა, მსოფლიო აღიარება 1983 წელს მოიპოვა მეორე ალბომის Sweet Dreams (Are Made of This) და ამავე სახელწოდების კომპოზიციის გამოსვლის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ ალბომის წამყვან სიმღერად, არამედ ჯგუფის ყველაზე პოპულარულ სინგლად იქცა, რადგან ჯერ ბრიტანულ ჩარტში მოიპოვა მეორე პოზიცია, მერე Billboard Hot 100-ის ლიდერი გახდა და ჟურნალ Rolling Stone-ის "ყველა დროის უდიდესი ჰიტების" რეიტინგში მოხვდა.
* * *
ჯგუფმა ჟღერადი, თუმცა მეტად უჩვეულო სახელი შეიძინა, რომლის მნიშვნელობა Eurythmics-ის თავგამოდებულმა თაყვანისმცემლებმაც ნაკლებად იციან. სინამდვილეში Dalcroze Eurythmics - მუსიკალურ-რიტმული აღზრდის სისტემაა, რომელიც შვეიცარიელმა კომპოზიტორმა და პედაგოგმა ემილ ჟაკ-დალკროზომ დაამკვიდრა. მეთოდის მიზანს ერთის მხრივ, ადამიანში რიტმის გრძნობის განვითარება, მეორეს მხრივ, ბუნებრივი რიტმების შესწავლა და ცალკეული რიტმების შექმნა წარმოადგენს.
* * *
ენი ლენოქსსა და დეივ სტიუარტს, რომლებიც ჯგუფში The Tourists-ში ირიცხებოდნენ, არა მხოლოდ შემოქმედებითი თანამშრომლობა, არამედ სამწლიანი რომანტიკული ურთიერთობაც აკავშირებდათ. დუეტმა მხოლოდ ერთი კომპოზიცია შექმნა ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც რამდენიმეწლიანი არსებობის შემდეგ დაიშალა.
მართალია, ლენოქსმა და სტიუარტმა ახალი დუეტი Eurythmics შექმნეს, მაგრამ მათი რომანი სამუდამოდ დასრულდა. "გვეგონა ყოველთვის ერთად ვიქნებოდით, ფიციც კი დავდეთ, თუმცა ყველაფერი ბუნებრივად მოხვდა. სკანდალის გარეშე დავშორდით ერთმანეთს და მხოლოდ შემოქმედებითი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ერთად გავაგრძელეთ სიმღერებზე მუშაობა, რომელთა უმეტესობა ჩვენს გრძნობებს, ერთმანეთისა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას აღწერდა და სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს შემოქმედებას "რეალისტური მუსიკა", - აღნიშნა დეივ სტიუარტმა.
* * *
მართალია, The Tourists-ის დატოვების შემდეგ ლენოქსმა და სტიუარტმა შემოქმედებითი თავისუფლება მოიპოვეს, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ახალი ჯგუფის შექმნა. 1981 წელს დუეტმა მცირე სტუდია შეიძინა და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, თუმცა იმდენად სუსტი გამოვიდა სადებიუტო ალბომი In the Garden, რომ ვერც ნაციონალურ ჩარტში მოხვდა, ვერც კრიტიკოსების ყურადღება დაიმსახურა. არ გაუმართლა დუეტს არც ბრიტანეთში მოწყობილ საგასტროლო ტურნეში, რადგან სარეზერვო მუსიკოსების მუდმივი როტაციის გამო ვერცერთი სრულფასოვანი კონცერტის ჩატარება ვერ შეძლო.
ლენოქსსა და სტიუარტს საკუთარი ხარჯითა და მწირი გამოცდილებით მოუწიათ საორგანიზაციო საკითხები გადაწყვეტაც, რადგან არც მენეჯერი ჰყავდათ, არც ადმინისტრატორი, ვინც საკუთარ თავზე აიღებდა ამგვარი საკითხების მოგვარებას, მუსიკოსებს კი, მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემდა. სწორედ ფიზიკური დატვირთვისა და ფსიქოლოგიური სტრესის შედეგი აღმოჩნდა მწვავე ნერვული შეტევა, რომლის დიაგნოზით ლენოქსი კლინიკაში მოხვდა. ვერ გადაურჩა ჰოსპიტალიზაციას ვერც სტიუარტი, როცა ატელექტაზით ანუ ფილტვის კოლაფსით აღმოჩნდა საავადმყოფოში. იმედგაცრუებულმა დუეტმა მუსიკალურ კარიერაზე სამუდამოდ უარის თქმაც კი გადაწყვიტა, თუმცა რადიკალურად შეიცვალა მათი განწყობა მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ.
* * *
სინგლი Sweet Dreams (Are Made of This), რომელიც ენი ლენოქსის განცხადებით, "დიდ მიღწევებზე შთაგონებისა და მოტივაციის სიმღერაა", 1983 წლის მაისის თვეში გამოვიდა, ალბომის რელიზი კი, იმავე წლის იანვრის თვეში შედგა და ჯერ კანადასა და ბრიტანეთში მოიპოვა პლატინის სტატუსი, მერე გერმანიასა და ამერიკაში გახდა ოქროს ხარისხის მფლობელი.
2007 წელს, გაზეთ The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლენოქსმა აღნიშნა, რომ კომპოზიცია დეივთან სერიოზული კონფლიქტის შემდეგ დაიწერა, როცა ჩათვალა, რომ პირადი კონფლიქტი მათ შემოქმედებით ტანდემსაც დაანგრევდა, "ძალიან დათრგუნული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, დეივმა მითხრა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებდა სიმღერაზე მუშაობას და ასეც მოიქცა. მარტივი მელოდია მოიფიქრა, რომელიც მოგვიანებით ინსტრუმენტული ჟღერადობით გავამდიდრეთ და მივხვდით, რომ პოტენციალური ჰიტი შევქმენით", - გაიხსენა ლენოქსმა.
პოპულარობა კომპოზიციამ პირველ რიგში, ორიგინალური კლიპის წყალობით მოიპოვა, რომელიც ახლადშექმნილი მუსიკალური არხის MTV- როტაციაში მოხვდა. იმ პერიოდისთვის მეტად ინოვაციურ ვიდეოში შავ კოსტიუმში გამოწყობილი ლენოქსი, რომელსაც ვარცხნილობაც საკმაოდ ეპატაჟური ჰქონდა, პირველად წარსდგა პუბლიკის წინაშე ე.წ. ანდროგენი ქალის იმიჯით, ძროხა კი, რომელიც პრაქტიკულად ვიდეოს ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, სალვადორ დალისა და ლუის ბუნუელის შემოქმედების მოყვარული სტიუარტის ინიციატივით მოხვდა კლიპში.
მართალია, შინაური პირუტყვის მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობა ორიგინალურ ჩანაფიქრად ჩაითვალა, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა იდეის განხორციელება, რადგან ერთის მხრივ, მისი ლონდონში ტრანსპორტირება დაჯდა ძვირი, მეორეს მხრივ, არცერთმა სტუდიამ არ მოინდომა მუსიკოსების მიღება მასიურ ცხოველთან ერთად. საბოლოოდ ვიდეოს გადაღებები ლონდონის გარეუბანში, საკვები პროდუქტის საწყობში მოეწყო, რომელსაც ლიფტთან ერთად პავილიონიც მოცულობითი ჰქონდა.
* * *
კომპოზიციის გაჰიტების შემდეგ Eurythmics ნამდვილ სენსაციად იქცა ამერიკაში. ჯგუფი ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე მოხვდა და პრაქტიკულად ყველა პოპულარულ შოუში მიიღო მონაწილეობა. მეტიც, სტიუარტს ისე მოეწონა ამერიკული გასტროლები, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა ახალი კომპოზიცია Don’t Come Around Here No More შექმნა, რომელიც მოგვიანებით ამერიკელ კოლეგას თომას პეტის უსახსოვრა.
* * *
1995 წელს კომპოზიცია მერლინ მენსონმა ჩაწერა საკუთარი ინტერპრეტაციით. მართალია, მისი ვერსია ბევრად პირქუში გამოვიდა, მაგრამ ორიგინალის მსგავსად მანაც პოპულარობა მოიპოვა. ნაკლებად გაუმართლა ავსტრალიელ მსახიობსა და მომღერალს ემილი ბრაუნინგს, რომლის თრეკმა 2011 წელს გამოსული ფილმისთვის "აკრძალული ილეთი" მხოლოდ კრიტიკა დაიმსახურა.