ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნახაიანი -
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს მმართველი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნახაიანი არა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველიც იყო, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფორმირებასა და მის განვითარებაში.
* * *
შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ სულთან ალ ნახაიანი 1948 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ალ-აინში, რომელსაც მისი მამა შეიხი ზაიდი მართავდა. მართალია, დღეს ალ-აინი აბუ-დაბის საამიროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია, მაგრამ იმ პერიოდში მხოლოდ სხვადასხვა ტომის ექვს სოფელს წარმოადგენდა, სადაც არც ინფრასტრუქტურა არსებობდა, არც საგანმანათლებლო დაწესებულებები. სწორედ ხალიფას მამის შეიხ ზაიდის ხელმძღვანელობით დაიწყო ოაზისში აქტიური მშენებლობა, გამოცოცხლდა ვაჭრობა და განვითარდა მიწათმოქმედება.
* * *
ბავშვობა ხალიფამ ფორტ კასრ-ალ-მუვაჯიში გაატარა, რომელიც შეიხის რეზიდენციად ითვლებოდა, დღეს კი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. დაწყებითი განათლება მომავალმა მმართველმა მამის აშენებულ ერთადერთ სკოლაში მიიღო, პრაქტიკული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება კი, საზოგადოებრივ მეჯლისებში - თემთა წინამძღოლთა შეკრებებში მონაწილეობით შეიძინა. ერთ-ერთ მეჯლისს მისი მამა ხელმძღვანელობდა, რომელიც ყოველთვის უფროს ვაჟიშვილთან ერთად მოგზაურობდა რეგიონებში და ერთის მხრივ, სხვა თემის წარმომადგენლებთან მის დაახლოებას, მეორეს მხრივ, ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობის განვითარებას ცდილობდა.
არანაკლები გავლენა მოახდინა მომავალი მმართველის ხასიათის და მსოფლმხედველობის ფორმირებაზე საზოგადოებრივმა საბჭომ მისი ბაბუის - შეიხ მუჰამედის ხელმძღვანელობით, რომელიც თავისი სიბრძნით, პატიოსნებით იყო ცნობილი და უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობდა.
* * *
ახალგაზრდა ხალიფა ლონდონში, სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, რომლის კურსდამთავრებულებს შორის მრავლად არიან ცნობილი პოლიტიკოსები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ხალიფამ, რომელიც დედის - შეიხა ჰესას და ბებიის - შეიხა სალამის მზრუნველობით გაიზარდა, ადრეულ ასაკშივე ისწავლა ქალის პატივისცემა და დააფასა მისი როლი საზოგადოებაში, საკუთარი ოჯახის შექმნის შემდეგ კი, ყველანაირად წაახალისა და მხარი დაუჭირა მეუღლის სწრაფვას ჩაბმულიყო საზოგადოებრივი საქმიანობაში.
* * *
ხალიფა საკმაოდ ადრე - 17 წლის ასაკში დაოჯახდა, როცა მისი მეუღლე 13 წლისაც არ იყო. შეიხა შამსა ალ-აინის უდაბნოში დაიბადა, 5 წლისა შეიხ ზაიდის გახსნილ სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც მხოლოდ გათხოვების შემდეგ დაამთავრა, საშუალო განათლების დიპლომი კი, 15 წლის ასაკში მიიღო ქალთა აღორძინების ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ. მოგვიანებით, შეიხამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტთან არსებულ ბიზნესისა და ეკონომიკის კოლეჯში ჩააბარა, რომელიც 1980 წელს დაამთავრა წარჩინებით.
აღსანიშნავია, რომ შამსა ხალიფას ერთადერთი ცოლი იყო, რაც უნიკალურ შემთხვევად იქცა მრავალცოლიანობის ტრადიციით ცნობილ მუსულმანურ სამყაროში, მით უფრო, მის მამას 9 ცოლი და 33 შვილი ჰყავდა. თავად ხალიფას 6 ქალიშვილი და 2 ვაჟიშვილი შეეძინა, რომელთაგან თითოეულმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში მიიღო განათლება.
* * *
1966 წლის სასახლის გადატრიალების შემდეგ შეიხ ზაიდმა უფროს ძმას ჩამოართვა მმართველობა, რომელიც მისი აზრით აბუ-დაბის განვითარებას ამუხრუჭებდა და თავად გახდა საამიროს ამირა. ძალიან გაუმართლა ხალიფას, რადგან საამიროებში, სადაც მმართველობა ტრადიციულად მემკვიდრეობით გადაეცემათ ოჯახის წევრებს, სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე უფროსი შეიხის 33 შვილს შორის.
გადატრიალების შემდეგ 18 წლის ხალიფა ჯერ აღმოსავლეთ რეგიონების მერი გახდა, მერე ალ-აინის სასამართლო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე ხალიფამ ღირსეულად გააგრძელა მამის გზა და ერთ-ორად გააძლიერა ჩაბარებული რეგიონები სოფლის მეურნეობის განვითარებაზე აქცენტის გაკეთებით. 1969 წლის თებერვალში ხალიფამ აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცის სტატუსი შეიძინა, მოგვიანებით კი, თავდაცვის სამინისტროს მეთაურობა ჩაიბარა.
1971 წელს შეიხ ზაიდის ინიციატივით საამიროები ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანდნენ, რომლის დედაქალაქად აბუ-დაბი გამოცხადდა. თავად შეიხი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მისი მემკვიდრე ხალიფა ზაიდი კი, რამდენიმე სახელმწიფო პოსტზე დაინიშნა. ხალიფა ერთდროულად მუშაობდა როგორც აბუ-დაბის საამიროს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მეთაურის, ისე თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე.
1973 წელს ხალიფა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილე, ერთი წლის შემდეგ კი, აბუ-დაბის აღმასრულებელი საბჭოს მდივანი გახდა.
* * *
1970-იან წლებში ყველა ადგილობრივ და ფედერალურ პროექტს ხალიფა აკონტროლებდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით იქცა აბუ-დაბი თანამედროვე, დღეს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქალაქად თავისი ინოვაციებითა და იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურით. ზაიდმა პირველ რიგში, ადგილობირი მოსახლეობა დააკმაყოფილა და სრულად უზრუნველყო საცხოვრებელი სახლებით, მერე კი, საინვესტიციო უწყება შექმნა რეგიონში მსხვილი ინვესტიციების მისაზიდად, ბრწყინვალე მმართველის რეპუტაცია შეიძინა და მოქალაქეების პატივისცემა დაიმსახურა.
1976 წელს ხალიფა საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე გახდა და მთელი ყურადღება ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე გადაიტანა, რამდენიმე სამხედრო სასწავლებელი გახსნა და უახლესი საბრძოლო ტექნიკა შეიძინა, 1980 წელს კი, ნავთობის მრეწველობის უმაღლეს საბჭოს ჩაუდგა სათავეში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა შეიხ ზაიდის კოლოსალური ნდობა შვილის მიმართ, რადგან სწორედ ნავთობის მოპოვება ითვლება საამიროებისთვის სტრატეგიულ სფეროდ.
ხალიფამ სწრაფად აუღო ალღო ნავთობისა და გაზის მოპოვების თავისებურებებს, თუმცა არც ეკოლოგიური კვლევებისა და ველური ბუნების განვითარების სააგენტოების შექმნა დაივიწყა.
1981 წელ ხალიფამ ჯერ სოციალური სამსახურების დეპარტამენტი შექმნა, რომელმაც მოქალაქეებს სესხები შესთავაზა მშენებლობაზე, მერე კერძო კრედიტების სამმართველო დააარსა, სადაც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისთვის სოლიდური დაფინანსების მიღება გახდა შესაძლებელი.
* * *
მართალია, 1990-იან წლებში, როცა შეიხს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მმართველის როლი ხალიფამ ჩაიბარა, მაგრამ 10 წლის მანძილზე მაინც მისი მამა ითვლებოდა ქვეყნის პრეზიდენტად და მხოლოდ 2004 წელს, შეიხის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა ოფიციალურად მისი ადგილი. თუმცა ხალიფამ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობა, არამედ სოლიდური კაპიტალიც მიიღო მემკვიდრეობად, რომელმაც 20 მილიარდი დოლარი შეადგინა.
პრეზიდენტის პოსტზე ხალიფამ უმნიშვნელოვანესი პროექტი წამოიწყო, რომელიც საამიროების დაბალანსებულ განვითარებას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის 16 მილიარდი დირჰამი - დღევანდელი კურსით 4 მილიარდი დოლარი გამოიყო, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილოეთის ჩამორჩენილი რეგიონების განვითარებას მოხმარდა. ხარჯმა გაამართლა, რადგან 10 წელიწადში რეგიონში 24 პორტი, სოციალური დანიშნულების 2 ათასი შენობა და რამდენიმე ჰოსპიტალი, ავტომაგისტრალები, გზები და გვირაბები გაშენდა.
* * *
საუკეთესო დიპლომატის რეპუტაცია შეიძინა ხალიფამ საგარეო პოლიტიკაშიც, როცა ერთის მხრივ, შუამავლისა და მომლაპარაკებლის ბრწყინვალე უნარი, მეორეს მხრივ, უზარმაზარი ხელგაშლილობა გამოავლინა და სოლიდური დახმარება გაუწია მსოფლიოს 70-ზე მეტ ჩამორჩენილ ქვეყანას, 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრისა და უძლიერესი ცუნამის შემდეგ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ინდოეთსა და პაკისტანს, 2015 წელს კი, 8 ათასი ტონა საკვები პროდუქტითა და მედიკამენტებით მოამარაგა იემენის ღატაკი მოსახლეობა.
არ დაივიწყა პრეზიდენტმა არც საკუთარი მოსახლეობა, 2005 წელს ხალიფამ, რომელმაც რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების პროგრამა შეიმუშავა, 2-ჯერ გაუზარდა ანაზღაურება საჯარო მოხელეებს, 2012 წელს კი, ჯერ სახელმწიფოს ხარჯით ააშენა 13 ათასი საცხოვრებელი სახლი, მერე სესხის რეგულირების ფონდი შექმნა, რომლის მიზანს მოქალაქეების ბანკების წინაშე დავალიანების ჩამოწერა წარმოადგენდა.
განსაკუთრებული ყურადღება ხალიფამ მეცნიერებისა და განათლების სფეროზე გაამახვილა. 2007 წლიდან სწორედ მისი ინიციატივით იღებენ პედაგოგები პრეზიდენტის პრემიას სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, 2015 წელს კი, 80 მილიარდი დოლარი გამოყო ახალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რათა საამიროების ახალგაზრდები აღარ ყოფილიყვნენ ორიენტირებული მხოლოდ ნავთობის ბიზნესზე.
* * *
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის თებერვალში გადატანილი ინსულტისა და უმძიმესი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვეში მოყოჩაღებულმა ხალიფამ სახელმწიფო საქმეები ოფიციალურად უმცროს ძმას და მემკვიდრე პრინცის შეიხ მუჰამედს გადააბარა, ქვეყნის მართვის სადავეები მაინც შეინარჩუნა. მეტიც, 2018 წელს, ჟურნალმა "ფორბსმა" ხალიფა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
მართალია, ხალიფამ მთელი ცხოვრება პოლიტიკას მიუძღვნა, მაგრამ არც გატაცებები დაივიწყა. მამის მსგავსად მის საყვარელ თავშესაქცევად ბაზთ ნადირობა და თევზაობა, დოღი და აქლემების რბოლა იქცა. ამასთანავე, გატაცებული იყო ფერწერითა და ლიტერატურით, განსაკუთრებით პოეზიით.
* * *
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ ხალიფას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ მის პატივსაცემად შეიძინა სახელი მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა ცათამბჯენმა "ბურჯ-ხალიფამ", რომლის სიმაღლემ 828 მეტრი ანუ 163 სართული შეადგინა. მართალია, შენობას, რომლის აგება დუბაის ამირას მთელი 20 მილიარდი დოლარი დაუჯდა, "ბურჯ-დუბაის" სახელი უნდა დარქმეოდა, მაგრამ საამიროსთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფისა და ძველი ვალების ჩამოწერის შემდეგ, მოსახლეობამ სწორედ საყვარელი პრეზიდენტის სახლის დარქმევა მოინდომა ცათამბჯენისთვის, რომელიც დღესაც ქვეყნის წარმატების მთავარ სიმბოლოდ ითვლება.