მომიტინგეები კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. სავარაუდოდ, სწორედ გმირთა მოედანზე იგეგმება საპროტესტო აქციის გაგრძელებაც. აქციის მონაწილეები გეგმას სპონტანურად ცვლიან.
მანამდე ისინი რუსთაველის თეატრის წინ იყვნენ შეკრებილი, სადაც ხელოვნური ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და ქაშვეთის მიმდებარედ განლაგებული სპეცრაზმის მიმართულებით პერიოდულად პიროტექნიკას ისროდნენ. პარალელურად გაზის კაფსულებს ისროდა სპეცრაზმიც.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის ღონისძიება დაიწყო, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნისკენ დაიხიეს, სადაც სპეცრაზმი დახვდათ. დემონსტრანტებმა გეგმა შეცვალეს და კოსტავას ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც ხელოვნური ბარიკადები აღმართეს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. სპეცრაზმი კი რუსთაველზე დარჩა.