კონგრესმენი, ჯო უილსონი, საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. კონგრესმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. ჯო უილსონი დონალდ ტრამპის თანაპარტიელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა - ის „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი თანაავტორია. რამდენიმე დღის წინ უილსონმა განაცხადა, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად, რათა „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.