საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი მთავრობის მეთაურის განცხადებას ემიჯნება და მიიჩნევს, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. აქვე ნათქვამია, რომ ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს,რომ შესაძლოა, მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას. უფრო მეტიც, ისინი ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის გაჩერების მიღმა ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ხედავენ. „დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ჩვენ, ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში.