დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მიგრაციის საკითხი განიხილა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მექსიკის ახალ პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა. მექსიკის პრეზიდენტის, ცნობით, დონალდ ტრამპს მიგრაციასთან დაკავშირებით მექსიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია აუხსნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.