არ დავთმობთ ხელისუფლებას, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ეროვნულმა ძალამ ჩაანაცვლოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2028 წლის შემდეგაც იზეიმებს გამარჯვებებს, ვიდრე ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან“.
„2028 წლისათვის და ამის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, მომავალ გამარჯვებებსაც ვიზეიმებთ, სანამ ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან და არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან. არა, ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლებას, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ეროვნულმა ძალამ ჩაანაცვლოს. გულწრფელად ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ შემიძლია ამაყად ვთქვა - ჩვენი სამთავრობო პროგრამით და ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯით, საქართველო 2030 წლისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად იქნება ევროკავშირის წევრობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი, რაც მთავარია, ევროპული მომავლის წინაშე. შემდეგ ჯერი ევროპელებზე, 2030 წლისათვის მოქმედ ბიუროკრატიაზე იქნება. ჩვენ ერთი, ორი ან თუნდაც ხუთი წლისთვის არ დავთმობთ რაღაცებს, რისი დათმობის ხარჯზეც ვიღაცებს ევროპელობა წარმოუდგენიათ. ეს ასე არ არის. ჩვენ ძალიან მალე, რთულად, მაგრამ მაინც, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ქართველი ხალხი ამას იზეიმებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.