როგორც ახალი სამთავრობო პროგრამიდან ირკვევა, პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. კერძოდ, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1-ლი იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს. სამთავრობო პროგრამაში ასევე ნათქვამია, რომ
მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილია ინდექსაციის მიღმა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, პენსიის დამატებით ზრდა და საპენსიო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რათა სოციალურმა სისტემამ უფრო ეფექტიანად უპასუხოს სოციალურ გამოწვევებს.
გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის/„სოციალური პაკეტის“ მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/„სოციალური პაკეტის“ 20 პროცენტის ოდენობით, ასევე დანამატების დაფინანსება სამედიცინო პერსონალისთვის: ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) აუნაზღაურდებათ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ/სთ-ისა) ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი.