ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე შემდეგ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რითაც მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, ტარიფები ინფლაციასა და მექსიკასა და აშშ-ში სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს.
„ნარკოტიკების შედინება თქვენი ქვეყნის საზოგადოებაში მოხმარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს“, - მიმართა მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
მისივე თქმით, აშშ-დან კონტრაბანდული გზით შეტანილი იარაღით მექსიკა დაზარალდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.