დებატები საქართველოს შესახებ - ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სტრასბურგში იმყოფებიან კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ევროაპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოში კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. „ეს იყო უბრალოდ ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც ერთმანეთს უწოდეს პარლამენტის წევრები“ - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა. 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებულ გაყალბებებზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა. სტრასბურგში პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება.