„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანატოლი გიგაურმა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მასზე პოლიციელების მხრიდან როგორც დაკავებამდეც ასევე დაკავების შემდეგ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.
ანატოლი გიგაურმა უპასუხა მოსამართლის კითხვას, ხომ არ ჰქონდა დაკავების მომენტში, ან შემდეგ მისი უფლებების დარღვევას ადგილი.
მისი განმარტებით, ის 2024 წლის 24 ნოემბერს, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, კერძოდ კი, ის იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც სამართალდამცავები მანქანებს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„სახეში მომხვდა მუშტი, ხელის მოხვედრისთანავე წავავლე ხელი პოლიციელს, რომელმაც ხელი დამარტყა, ვუთხარი, რატომ დამარტყი ხელი-მეთქი. შემაგინა და დასარტყმელად მოიქნია ხელი, ამ დროს მდგომარეობიდან გამოვედი და ვკარი ხელი.
ამ მოვლენების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევარში აქცია დავტოვეთ. „ვეფხი და მოყმესთან“, პოლიციის მანქანამ გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა, კარი გავაღე, ხელი დავალაგე მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. მესმოდა ხმები აქეთ გამოიყვანეო, მანქანის უკან გამიყვანეს, ვის დაარტყი ხელიო მითხრეს, ძირს დამახეთქეს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ, სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს... მერე გზაში ურეკავდნენ, სისხლი შეუწყვიტეთო? შემდეგ სამმართველოში გადამიყვანეს, მკითხეს, რა მოხდაო, მოვყევი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათ მიერ მოტანილი სამოსი ჩამეცვა, რაზეც უარი განვაცხადე. ის ადამიანი, რომელმაც ხელი დამარტყა, შემოვიდა და მითხრა, რომ ის ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა. უარის შემდეგ, ერთი ათჯერ ჩამარტყა თავში, შემოცვივდნენ სხვებიც, ხომ გითხარი ხელი არ დაარტყაო და გაიყვანეს“, - განაცხადა გიგაურმა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.