დნმ-ის ბაზის შესაქმნელად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიან ეროვნულ დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 17 745 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების ვადები კი მიმდინარე წლის 22 ნოემბრიდან 2027 წლის 30 ნოემბრის პერიოდს მოიცავს. უწყება აღნიშნული თანხით ბაზის შესაქმნელად საჭირო ელექტრონულ მასკანირებელ მიკროსკოპს, სხვადასხვა მოწყობილობას, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებსა და სახარჯ მასალებს ყიდულობს. როგორც ძალოვან უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრას, როგორიცაა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიკაცია, ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება პირველადი მორეაგირე ჯგუფების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ცნობისთვის, 2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს. რეგულაციების ამოქმედება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან არის გათვალისწინებული.