ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ბაზარს რეკორდული მოცულობით დოლარი მიაწოდა. მხოლოდ ერთ თვეში სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 213 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი თითქმის 378 მლნ დოლარი. ჯამში სებ-მა მხოლოდ ერთ თვეში ბაზარს 591 მილიონ 200 ათასი დოლარი მიაწოდა. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს, 10 თვის განმავლობაში სავალუტო აუქციონებზე ეროვნულმა ბანკმა 382 მლნ დოლარი გაყიდა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი 484 მლნ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებმა 866 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა. ცნობისათვის, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს BMatch-ის პლატფორმით და სავალუტო აუქციონებით ახორციელებს. BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემაა, რომლის მეშვეობითაც კონვერტაცია სრულდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა დოლარის შესყიდვა დაიწყო. როგორც ცნობილი ხდება, ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 86 მილიონი დოლარით შეავსო.