პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერები ისლამაბადში შესვლას ცდილობდნენ, რათა ქვეყნის პარლამენტთან მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის 80-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა.
გასული შაბათის შემდეგ ისლამაბადში შესვლა-გამოსვლა დროებით აკრძალულია, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციისკენ მოუწოდა.
72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.