თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების ნებართვა მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა „ფაქტობრივად შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების შესახებ და ახლა უკრაინელებს „შეუძლიათ მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების დასარტყმელად“.
„მათ ახლა შეუძლიათ გამოიყენონ ATACMS, რათა დაიცვან თავი დაუყოვნებლივ საჭიროების შემთხვევაში. ახლა კი ცხადია, რომ ეს ხდება კურსკის ოლქში“, - აღნიშნა კირბიმ.
უკრაინული მედია წერს, რომ კირბის სიტყვები გახდა პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ უკრაინამ ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის ნებართვა მიიღო.