ვიდრე "ქართული ოცნება" მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გასამართად ემზადება, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელია დარეგისტრირებული. მოსარჩელე მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ თუმცა, 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას ცდილობენ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების არსებობის პარალელურად მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის გახსნა არაკონსტიტუციურია. მათი შეფასებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემა ქართული ოცნების პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდის.