26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვე სრულდება, ოპოზიცია მანდატებზე უარს აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია, საერთაშორისო პარტნიორები საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ - ამის ფონზე "ქართული ოცნება" საკუთარ გეგმას არ უხვევს და 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გასამართად ემზადება. სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. უმრავლესობის წევრებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება უჩვეულო გარემოში - ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების გარეშე, მარტო მოუწევთ.