8 დეპუტატი რომ გვესტუმრა და პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და იქ რომ მოუწოდეს ოპოზიციას, „მაიდნის“ სცენარზე გადასულიყვნენ, იმ დღიდან რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად - ვინმეს „მაიდანი“ თუ უნდა, დაიდგან თავის ქვეყანაში და შეეშვან საქართველოში არეულობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილისა და მათი მხარდამჭერების ქმედებები ბოლშევიზმს შეადარა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ძალაუფლება რომ ჰქონდეს, ყველას „კედელთან მიაყენებდა“.
„ჩვენ ვხედავთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე - ესენი არიან აგრესიული ადამიანები. 8 დეპუტატი რომ გვესტუმრა და პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და იქ რომ მოუწოდეს ოპოზიციას, „მაიდნის“ სცენარზე გადასულიყვნენ, იმ დღიდან რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად. დავინახეთ ეს ჩვენ შემდეგ დღეებში. ვნახეთ, მათ შორის, მათი ქმედება „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ. ჩვენ რომ ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, ეს არის მაგალითი ლიბერალური ფაშიზმის. ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაუვარდეთ, კედელთან მიაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. ეს არის რეალურად გამეორება 100 წლის წინანდელი მოვლენებისა, როდესაც გარედან საქართველოში იმპლანტირებული ბოლშევიზმი შემოვიდა და კედელთან მიაყენეს ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. ზუსტად ეს არის დღევანდელი ლიბერალურ-ფაშისტური „ბაბლი“, რომელიც მათ შექმნილი აქვთ. ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჩაიგდონ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას. ზოგს ფიზიკურად გაანადგურებენ და ზოგს ადამიანურად გაანადგურებენ და წაშლიან. ეს სახე დავინახეთ ჩვენ და ისიც დავინახეთ, რამ უბიძგა ამ ყველაფერს- იმ 8 ევროპული ქვეყნიდან ჩამოსულმა დეპუტატმა, რომელმაც გადახედა აქციას, ნახა, რომ ცოტა ხალხია, ნახა, რომ ის ტემპერატურა აქციას არ ჰქონდა და პირდაპირ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოუწოდა მათ, რომ „მაიდნის“ სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს „მაიდანი“ თუ უნდა, დაიდგან თავის ქვეყანაში და შეეშვან საქართველოში არეულობას. ვისაც „მაიდანი“ პირადად არ შეხებია, მე მგონი, რომანტიზება აქვთ ამ „მაიდნისა“. ადამიანები დაიხოცნენ, სისხლი დაიღვარა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, რომ ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, მერე ნუღარ იტყვიან, რომ მეგობრებს უწოდებენ და ქართველი ხალხის მიმართ აქვთ რაიმე სიმპათია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.