უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ესკალაციისკენ, ომის გაფართოებისაკენ წელს უკვე მეორე ნაბიჯი გადადგა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან კრემლის ამ ქმედებას ომის მასშტაბებისა და სისასტიკის სერიოზული ზრდა და რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების ცინიკური დარღვევა უწოდა. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტის გამოყენება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად არ სურს მშვიდობა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიომ პუტინის ქმედებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.