ეკა ბესელიას თქმით, როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, პრეზიდენტს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე თვითონაც მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. ამიტომ, მისი თქმით, მზად არის, რომ ინფორმაცია, რაც ამ საკითხზე გააჩნია, გამოძიებას მიაწოდოს.
„ინფორმაცია რაც მაქვს, ვიცი და მათ შორის ნაწილი აქ მაქვს, ნაწილს კი წყაროები უნდა მივუთითო და მზად ვარ, რომ გამოძიებას ის გავუზიარო. შემოთავაზება მქონდა [გამოკითხვა ჩატარებულიყო] ან პროკურატურაში ან მაგისტრატ მოსამართლესთან, მაგრამ ძალიან შეგნებულად ვარჩიე აქ, უშუალოდ გამოძიების ორგანოსთან [მოსვლა] და პირდაპირ უშუალოდ იმ პირებთან, ვინც გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. თუ ეს გამოძიება ოდნავ მაინც იქნება მიახლოებული ობიექტურობის სტანდარტთან საკმარისი მტკიცებულებები და ინფორმაცია არსებობს, რაც აქვს ყველა მონაწილე სადამკვირვებლო ორგანიზაციას, სუბიექტებს და მათ შორის მეც. როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციების გაზიარება არის ყველა იმ ადამიანის ინტერესებში, ვისაც უნდა, რომ ეს ფაქტები იდოს საგამოძიებო ორგანოს წინაშე. ამიტომაც მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ, რადგანაც მიმაჩნია, რომ ეს არის, მათ შორის ჩემი ვალდებულებაც.
რამდენიმე ფაქტია, მათ შორის არის უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, „კარუსელებს”, პირადობის მოწმობების გამოყენებას, ფარულობის წესის დარღვევას, საყოველთაო წესის დარღვევას და ამაზე, იცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი, ამ პროცესისთვის ვემზადებით და მე ვიქნები წარმომადგენელი პროცესზე. ამის გარდა არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის წყაროები, უშუალო თვითმხილველი პირები არსებობენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.