რუსული მედია წერს, რომ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელება მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება. ინფორმაციის წყარო ამჯერად აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის, ალხას კვინცინიას განცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ ტურისტებს გაუადვილდებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა, რადგან მდინარე ფსოუს გასწვრივ საზღვრის გადაკვეთა უამრავ უხერხულობას ქმნის, სადაც საკურორტო სეზონზე ხშირად ხალხმრავალი რიგებია. შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტი 1993 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით დაიხურა. იმ პერიოდიდან უფუნქციოდ დარჩენილი სოხუმის „ბაბუშერას“ აეროპორტის აღდგენის საკითხი პირველად 2020 წლის ნოემბერში, სოჭში პუტინისა და აფხაზეთის მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრაზე გაჟღერდა. 2023 წლის ოქტომბერში აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურულ განვითარებას“ შორის, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ განახლებული აეროპორტის ტრაფიკის ჯამური მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 1,2 მილიონ მგზავრს მიაღწევს.