საქართველო ინგლისური ენის ცოდნით რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ინგლისური ენის ცოდნის ყოველწლიური ინდექსის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 116 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის 35 ქვეყნის ჩამონათვალში 24-ე პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგი 116 ქვეყნის 2 მილიონ 100 ათასი ზრდასრული ადამიანის შედეგებს ეფუძნება, რომლებმაც ინგლისურ ენაში სტანდარტული EF-ტესტები ჩააბარეს. თითოეული ქვეყანის რეიტინგი მაქსიმალური 800 ქულიდან შედგა. საქართველომ, მსოფლიოს 477-ქულიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 543 ქულა დააგროვა და კვლავ მესამე, ანუ საშუალო კომპეტენციის კატეგორიაში გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 541-ქულიან მაჩვენებელთან შედარებით, წელს ქვეყნის მონაცემი 2 ქულით გაუმჯობესდა. ქალაქების მიხედვით, საქართველოში 800 ქულიდან თბილისმა 556, ხოლო ბათუმმა 540 ქულა დააგროვა. გენდერული თვალსაზრისით, საქართველოში მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, უკეთესი შედეგი აქვთ. კერძოდ, ინგლისური ენის ცოდნის მხრივ წელს მამაკაცებმა 800 ქულიდან 555, ქალებმა კი 531 ქულა დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ ქალები ინგლისურში მამაკაცებს ბევრად სჯობდნენ მხოლოდ 2018 წელს, ბოლოს კი 2020 წელს, როცა მათი უპირატესობა უმნიშვნელო იყო. მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ყველა ქვეყანას უსწრებს. კერძოდ, სომხეთი 537 ქულით 38-ე ადგილზეა და, საქართველოს მსგავსად, საშუალო კომპეტენციის მესამე კატეგორიაშია. ამავე კატეგორიაშია უკრაინა და რუსეთი. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანა 497 ქულით 65-ე ადგილზეა და დაბალი კომპეტენციის მეოთხე კატეგორიაშია. ამავე კატეგორიაში უარესი მაჩვენებლით არის აზერბაიჯანი, რომელიც 462 ქულით 86-ე ადგილზეა. ინგლისური ენის მეტად მაღალი კომპეტენციის პირველ კატეგორიაში სულ ცხრა ქვეყანა მოხვდა. კერძოდ, წლევანდელი რეიტინგის სათავეში, ნიდერლანდებია, რომლის მოქალაქეებმა ინგლისური ენის ცოდნის საერთო დონით 636 ქულა დააგროვეს. შარშანდელი მეხუთე ადგილიდან მეორე ადგილზე დაწინაურდა ნორვეგია, ხოლო მესამეზე სინგაპურია. შემდეგ მოდის შვედეთი, ხორვატია, პორტუგალია, დანია, საბერძნეთი და ავსტრია.