* კენედის კლანის წყევლა -
"კენედის დაწყევლილ კლანზე" პირველად საზოგადოება 1960-იან წლებში ალაპარაკდა, როცა ჯერ პრეზიდენტი ჯონ კენედი იმსხვერპლა ლი ჰარვი ოსვალდის ტყვიამ, ხუთი წლის შემდეგ კი, მისი უმცროსი ძმა - სენატორი რობერტი შეიწირა რელიგიურმა ფანატიკოსმა. კენედების გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ჯოზეფი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, ძმებიდან ერთადერთმა, სასწაულით სიკვდილს გადარჩენილმა ტედიმ კი, ლეგენდა გაახმაურა ოჯახურ წყევლაზე, რომელიც მისივე განცხადებით, "კენედის კლანის ყველა თაობას თან სდევს".
* გვარის ფუძემდებელი - ჯოზეფ პატრიკ კენედი -
ჯოზეფ პატრიკ კენედიმ - გვარის უხუცესმა წარმომადგენელმა და დინასტიის ფუძემდებელმა, ქონება "მშრალი კანონის" ეპოქაში დააგროვა, როცა კონტრაბანდული ალკოჰოლით ვაჭრობის პარალელურად, არც საფონდო ბირჟაზე სპეკულირებას მოერიდა.
25 წლის კენედიმ ჯერ ბანკის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა, თითქმის 10 წლის შემდეგ კი, მულტიმილიონერების მცირერიცხოვან ჯგუფს შეურთდა, რასაც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში მშრალი კანონის გაუქმების წყალობით მიაღწია, რადგან ბრენდული ალკოჰოლური სასმელის იმპორტზე ექსკლუზიური უფლების მოპოვების შემდეგ მისმა ბიზნესმა არა თუ იზარალა, პირიქით, ბევრად შემოსავლიანი გახდა.
შეძლებულმა ახალგაზრდამ ცხოვრების მეგზურადაც შესაფერისი პარტნიორი აირჩია. ბოსტონის მერის ჯონ ფრენსის ფიცჯერალდის ქალიშვილზე - როუზიზე იქორწინა და ცხრა შვილის - ოთხი ვაჟიშვილისა და ხუთი ქალიშვილის მამა გახდა.
* როზმარი კენედი -
კენედების უფროსმა ქალიშვილმა როზმარიმ, რომელიც სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დაიბადა და ყოველთვის საგრძნობლად ჩამორჩებოდა თანატოლებს განვითარებაში, მთელი ბავშვობა კლინიკებსა და სპეციალიზირებულ ინტერნატებში გაატარა, ბოლოს კი, მონასტერში აღმოჩნდა, საიდანაც რამდენჯერმე სცადა გაქცევა. სასოწარკვეთილ მამას სხვა გზა აღარ დარჩა და უკანასკნელ იმედს - ლობოტომიას მიმართა, რომელმაც 23 წლის როზმარის ზარალი უფრო მეტი მოუტანა, ვიდრე სარგებელი, რადგან აბსოლუტურად უსუსურ მცირეწლოვან ბავშვად აქცია, რომელსაც არც გადაადგილება შეეძლო დამოუკიდებლად, არც გამართულად საუბარი.
ნიუ-იორკთან ახლოს, სულით ავადმყოფთა კლინიკაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ როზმარი ვისკონსინის შტატში გადაბარგდა და სპეციალურად მისთვის აშენებულ სახლში დასახლდა. ახალგაზრდა ქალს მხოლოდ სანიტრები და მონაზვნები მეურვეობდნენ, რადგან ოჯახის წევრებმა, რომლებიც ისედაც იშვიათად სტუმრობდნენ, ბოლოს საერთოდ უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე, ნაკლებ ინტერესს იჩენდა მისი დედაც, რომელსაც 20-წლიანი იძულებითი განდეგილობის პერიოდში ერთხელაც არ გახსენებია საკუთარი შვილი. როზმარი კენედი 2005 წელს გარდაიცვალა მკაცრ იზოლაციასა და სრულ მარტოობაში.
* ჯოზეფ- პატრიკ უმცროსი -
ჯოზეფისა და როზის უფროსი ვაჟიშვილი - ჯოზეფ-პატრიკი, რომელმაც გვართან ერთად, სახელიც მამის მიიღო, მართალია, ძმებს შორის ყველაზე ნიჭიერ, იმედისმომცემ ახალგაზრდად ითვლებოდა, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის დასრულების და ლონდონის უმაღლეს სკოლაში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ, სწავლა მიატოვა, მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და პილოტის სპეციალობას დაეუფლა. თუმცა, 1944 წელს მორიგი სამხედრო მისიის შესრულებისას და ასაფეთქებლის გადატანისას, მის თვითმფრინავს მეხი დაეცა და რა თქმა უნდა, თვითმფრინავთან ერთად პილოტიც იმსხვერპლა.
* კეტლინ კენედი -
კეტლინი, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა ბრიტანელ არისტოკრატთან ქორწინებაზე, საკმაოდ ახალგაზრდა გაემგზავრა ლონდონში, სადაც სწრაფად მიაგნო შესაფერის კანდიდატურას და მართალია, კათოლიკე კენედები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ პროტესტანტ უილიამ კავენდიშ-ჰერინგტონთან, დევორშირის მომავალ ჰერცოგთან დანათესავებაზე, მაგრამ ქორწინება მაინც შედგა.
სამწუხაროდ, ჰერინგტონი, რომელიც ჯარში გაიწვიეს, რამდენიმე თვეში დაიღუპა პარიზთან ახლოს გამართული საომარი მოქმედებების დროს, დაქვრივებულმა კეტლინმა კი, ნუგეშს კიდევ ერთ წარჩინებულ ბრიტანელთან - გრაფ პიტერ ფიცუილიამთან მიაგნო, რომელიც მართალია დაქორწინებული იყო, მაგრამ კეტრინის სიყვარულით არც განქორწინებაზე თქვა უარი, თუმცა კენედის არც ამ შემთხვევაში დასცალდა ბედნიერი ოჯახის შექმნა, რადგან პარიზიდან კანში ფიცუილიამის კერძო თვითმფრინავით მგზავრობისას დაიღუპა, როცა მოულოდნელად თავსდამტყდარი ქარიშხლის გამო პილოტმა თვითმფრინავის მართვა ვეღარ შეძლო და ავიაკატასტროფა განიცადა.
სწორედ 1948 წელს, ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ გაამხილა ჯოზეფ-პატრიკ უფროსმა საიდუმლო და ოჯახის წევრებს იმ წყევლის შესახებ უამბო, რომლისთვისაც კენედების კლანი იყო განწირული.
* ჯონ კენედი -
ჯონ კენედიმ, ჯოზეფისა და როუზის მეორე შვილმა, ახალგაზრდა სიმპათიურმა სენატორმა და ცნობილმა მექალთანემ, რომელსაც ამერიკული საზოგადოება მეტწილად ტელეეკრანიდან იცნობდა, პირველ რიგში მამას აუსრულა სანუკვარი ოცნება, როცა 1960 წელს, ყველასთვის მოულოდნელად დაჯაბნა რესპუბლიკელი რიჩარდ ნიქსონი და გამარჯვება მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პოპულარობა არა იმდენად ნოვატორული იდეებით, რამდენადაც პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალებით მოიპოვა, რადგან ამერიკელებს მისი მრავალრიცხოვანი რომანები და მეუღლესთან ურთიერთობა უფრო აინტერესებდათ, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თუმცა, შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტმა ერთიც სწრაფად დაკარგა და მეორეც.
1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში საარჩევნო კამპანიით ჩასული კენედი ლი ჰარვი ოსვალდის ტყვიამ იმსხვერპლა. მართალია, პრეზიდენტის დაღუპვამ მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ დაზუსტებით დღემდე არავინ იცის, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, რადგან საიდუმლოებების მოყვარული ამერიკული სპეცსამსახურები ათწლეულების შემდეგაც საეჭვო გულმოდგინებით იცავენ ოფიციალურ დოკუმენტებს.
* რობერტ კენედი -
არ ჩამორჩა უფროს ძმას არც ბობი კენედი, რომელიც ოჯახური ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტა და ჯერ შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, მერე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა.
კენედის საარჩევნო პროგრამა მეტწილად მოსახლეობის ყველაზე დაბალი ფენის - შავკანიანთა უფლებების დაცვას ითვალისწინებდა და წარმატებითაც განხორციელდა. სამოქალაქო ორგანიზაციების და ახალგაზრდა ინტელექტუალების, მდიდარი კონსერვატორების და ღატაკი შავკანიანების მხარდაჭერით 1968 წლის 5 ივნისს კენედიმ წინა საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. იმავე საღამოს მომავალი პრეზიდენტი 22 წლის პალესტინელმა სერნან ბიშარა სერხანმა გამოასალმა სიცოცხლეს, ახლადშექმნილი ისრაელის სახელმწიფოსთვის საჯაროდ მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.
* ტედი (ედვარდ) კენედი -
მართალია, ტედ კენედიმ საკმაოდ ხანდაზმულ ასაკს მიაღწია და 2009 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ საგვარეულო წყევლას ვერც მან დააღწია თავი.
ცხრა და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი ტედი, ჯერ 1964 წელს გადაურჩა ავიაკატასტროფას, რომელმაც პილოტი და მისი თანაშემწე იმსხვერპლა, ხუთი წლის შემდეგ კი, უკვე მასაჩუსეტსის შტატის სენატორის პოსტზე, გვარიანად შეზარხოშებულს ავტომობილი გადაუბრუნდა. მართალია, ხიდიდან მდინარეში გადავარდნის შემდეგ კენედიმ სერიოზული ტრავმები მიიღო, მაგრამ მაინც შეძლო ჩაძირული მანქანიდან თავის დაღწევა, საკუთარი თანაშემწე ახალგაზრდა ქალბატონი მერი ჯო კოპეჩნე კი, იქვე დატოვა და მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ შეატყობინა პოლიციას ავტოკატასტროფის შესახებ.
რამდენიმე დღეში გამართულ სასამართლო მოსმენაზე ტედ კენედიმ დანაშაული აღიარა და მართალია, სასჯელად მხოლოდ ორთვიანი საზოგადოებრივი სამუშაოები მიიღო, მაგრამ სამუდამოდ დაემშვიდობა პოლიტიკურ კარიერას.
* რობერტ კენედის ვაჟიშვილები -
მსგავსი ინციდენტი შეემთხვა ჯოზეფ კენედის, როცა ავტოკატასტროფის შემდეგ თვითონ გადარჩა, ნაცნობი გოგონა კი, ინვალიდად აქცია. "უსიამოვნებას" ბობი კენედის ვაჟიშვილმა მარტივად დააღწია თავი და მხოლოდ100-დოლარიანი ჯარიმა გადაიხადა. ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდა მისი ძმა "ოქროს ბიჭუნად" წოდებული დევიდი, რომელმაც პოლიტიკურ კარიერას ბოჰემური ცხოვრება ამჯობინა და 28 წლისა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა, ბობის კიდევ ერთი ვაჟიშვილი მაიკლი კი, 39 წლის ასაკში დაიღუპა ზამთრის პრესტიჟულ კურორტზე თხილამურებით სრიალისას.
* ჯონ კენედის შვილები -
მართალია, შეერთებული შტატების პირველი ლედი ჟაკლინ კენედი ყოველთვის მრავალშვილიან ოჯახზე ოცნებობდა, მაგრამ მკვდრადშობილი მემკვიდრის შემდეგ დიდხანს ვერ ბედავდა ბავშვებზე ფიქრს. ჯეკის მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეეძინა პირველი ვაჟიშვილი - ჯონ ფიცჯერალდ უმცროსი, ორი წლის შემდეგ კი, პატრიკ ბუვიე კენედი დაიბადა, რომელიც ორ დღეში გარდაიცვალა. თავად ჯონი - ცნობილი ჟურნალისტი და ადვოკატი კი, 1999 წლის 16 ივნისს, 38 წლის ასაკში დაიღუპა მეუღლესთან ერთად, როცა თვითმფრინავმა, რომელსაც თავად მართავდა, ავიაკატასტროფა განიცადა და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა.
* საგვარეულო წყევლა -
რთული სათქმელია, რამდენად სჯერა კენედის დინასტიის ახალგაზრდა თაობას საგვარეულო წყევლის, თუმცა სკეპტიკოსები, რომელთაც მხოლოდ ეღიმებათ მსგავსი შინაარსის მისტიკურ განცხადებებზე, ძალადობრივ სიკვდილს კენედების პოლიტიკურ საქმიანობას მიაწერენ, უბედურ შემთხვევებს კი, მათ გაუფრთხილებელ მოქმედებას. თუმცა, ლეგენდები საგვარეულო წყევლაზე მაინც არსებობს და წლებთან ერთად მათი რიცხვი არა თუ იკლებს, არამედ პირიქით მატულობს და სულ უფრო მეტი იდუმალებით იმოსება.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, დინასტიის ფუძემდებელმა ჯოზეფ-პატრიკ კენედიმ რაბინთან შელაპარაკების შემდეგ მოხუცს შეურაცხყოფა მიაყენა, რომელმაც ახალგაზრდა ჯოზეფიც და მისი მემკვიდრეებიც ათწლეულების მანძილზე დაწყევლა. მეორე ლეგენდა კი, ირწმუნება, თითქოს განაჩენი გვარს 1840-იან წლებში ირლანდიიდან ამერიკაში გადაბარგებული ღატაკი ფერმერის ვაჟიშვილმა და ჯოზეფ-პატრიკის მამამ სემუელ კენედიმ გამოუტანა, რომელიც ბოსტონში დასახლდა, საკუთარ ბიძაშვილზე იქორწინა და ხუთი შვილი შეეძინა, თუმცა ოჯახის რჩენა ვეღარ შეძლო და სახლიდან წასული ავაზაკების ბანდას შეუერთდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, თანამზრახველებთან ერთად ტეხასის გზაზე საქორწინო ეტლს დაესხა თავს, ჯერ საპატარძლოზე, მერე მის დედაზე იძალადა სექსუალურად და ორივე ერთად გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ, სწორედ მომაკვდავმა ქალმა დაწყევლა პატრიკ კენედი, რომელმაც პირველმა იწვნია საკუთარ თავზე ტანჯული ქალის სიტყვები, როცა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ქოლერით.
ასე რომ, თუ კენედის დინასტიას მუდმივ უსიამოვნებებში ვინმეს დადანაშაულება სურს, პირველ რიგში საკუთარი ავაზაკი წინაპარი უნდა გაიხსენოს, რომელმაც სამუდამო რისხვა დაუტოვა შთამომავლებს მემკვიდრეობად.