* სიქსტო როდრიგესი -
"მე არ გავურბივარ პოპულარობას, უბრალოდ მირჩევნია სცენაზე დავტოვო, რეალურ ცხოვრებაში კი, ის ადამიანი ვიყო, ვინც სინამდვილეში ვარ", - აღნიშნა მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე არაორდინალურმა წარმომადგენელმა სიქსტო როდრიგესმა, რომელმაც დაგვიანებით, მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ შეძლო ნამდვილი აღიარების მოპოვება.
* * *
1960-იან წლებში დეტროიტი არა მხოლოდ ავტოწარმოების, არამედ "ახალი ამერიკული ჟღერადობის" დედაქალაქადაც ითვლებოდა, რადგან სწორედ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიაში Motown Records-ში აიღეს სტარტი R'n'B -ისა და Soul-ის მამებად წოდებულმა მარვინ გეიმ და სტივი უანდერმა."დეტროიტის მუსიკალურ კასტას" მიეკუთვნებოდნენ ლაიონელ რიჩი და მაიკლ ჯექსონი, რონ კარტერი და ელვინ ჯონსი, იგგი პოპი და ბობ სიგერი, კიდ როკი და რა თქმა უნდა, ემინემის ფსევდონიმით ცნობილი მარშალ მეტერსი.
1960-იანი წლების მეორე ნახევარში, ერთი შეხედვით არაფრით დაკავშირებულმა მოვლენებმა - ვიეტნამის ომმა, რასობრივმა მღელვარებამ მისისიპიში და ჰიპების "სიყვარულის ზაფხულმა" სრულიად ახალი მუსიკალური მიმდინარეობის - ფოლკ-როკის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. არ დააყოვნეს არც ტალანტების აღმოჩენაში დახელოვნებულმა პროდიუსერებმა, რომელთაც სწრაფად გააფორმეს კონტრაქტები იმ ახალბედებთან, ვისაც ახალი ჟღერადობით შეეძლო პუბლიკის დაინტერესება.
* * *
1968 წელს დეტროიტის გემთსაშენი რაიონის ერთ-ერთ ბარში პროდიუსერმა მაიკ თეოდორმა სრულიად შემთხვევით გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი სიქსტო როდრიგესი, რომელსაც დაუფიქრებლად შესთავაზა ალბომის ჩაწერა. სიქსტო დიას როდრიგესი 1942 წელს დაიბადა დეტროიტში მექსიკელი ემიგრანტების ოჯახში და რადგან მეექვსე შვილი იყო, სახლიც შესაბამისი მიიღო. გიტარაზე დაკვრა სიქსტომ 16 წლის ასაკში ისწავლა, თუმცა პროფესიონალ მუსიკოსობაზე არასდროს უფიქრია, რადგან სხვა ნაკლებად შეძლებული მექსიკელების მსგავსად მასაც სკოლის დასრულებისთანავე მოუწია მძიმე სამუშაოს შესრულება ქალაქის მშენებლობებზე. მუსიკით როდრიგესი მხოლოდ თავს ირთობდა ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში, სადაც თეოდორმა მოისმინა მისი მუზიცირება.
* * *
მართალია, როდრიგესის სადებიუტო ალბომი Cold Fact, 1970 წლის მარტში გამოვიდა, თუმცა მხოლოდ 10 ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც ძალიან გააკვირვა თეოდორი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ "როდრიგესის მარტივ, თუმცა გულწრფელ ლირიკას" აუცილებლად მოიწონებდა პუბლიკა. პროდიუსერმა არ მოინდომა უკან დახევა და როდრიგესს კიდევ ერთი შანსი მისცა. 1970-იანი წლების ბოლოს სიქსტომ მეორე დისკი Coming from Reality გამოვუშვა, რომელშიც ფანკის, საესტრადო მუსიკის და "სამხრეთული როკის" ელემენტები გააერთიანა. მართალია, პირველთან შედარებით ახალი ნამუშევარი ბევრად სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ არც მან გაამართლა. "როდრიგესი ჩემი საუკეთესო მუსიკოსი იყო, რადგან არა უბრალოდ ნიჭიერ ადამიანად, არამედ ბრძენად, ნამდვილ წინასწარმეტყველად მივიჩნევდი. სიქსტოს ბევრად მეტი შეეძლო, ვიდრე ჩვეულებრივ მუსიკოსს. როცა ალბომი გამოვიდა, გრანდიოზულ წარმატებას ველოდით, ის კი, გრანდიოზულად ჩავარდა. როდრიგესი აღიარებას იმსახურებდა, მისი სახელი კი არავინ იცოდა", - გაიხსენა თეოდორმა, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა, მორიგი ჩავარდნის შემდეგ როდრიგესთან კონტრაქტის გაუქმება მოუწია.
* * *
ამერიკაში მარცხის მიუხედავად, 1970-იან წლებში როდრიგესმა აფრიკის კონტინენტზე - ბოტსვანაში, ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიპოვა პოპულარობა, სადაც
აპართეიდის რეჟიმისა და მკაცრი ცენზურით შეზღუდული პრესის, ტელე- და რადიო მაუწყებლობის ფონზე, ყველასთვის უცნობი მუსიკოსის ალბომმა Cold Fact-მა რამდენიმე თვეში შეიძინა "პლატინის" სტატუსი, სინგლი I Wonder კი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. "ალბომი ჩვენი ცხოვრების საუნდთრეკი გახდა. პრაქტიკულად ყველა თეთრკანიანი ლიბერალის სახლში შეიძლებოდა "ბითლზის" Abbey Road-ის და როდრიგესის Cold Fact-ის მოსმენა. როდრიგესი ჩვენი კერპი იყო, რადგან სწორედ მან დაგვარწმუნა, რომ აბსოლუტურად ნორმალურია იყო გაბრაზებული საზოგადოებაზე და იბრძოლო ისტებლიშმენტის წინააღმდეგ. ყველა რევოლუციას სჭირდება ჰიმნი, სამხრეთ აფრიკაში კი, სწორედ Cold Fact იქცა იმ ალბომად, რომელმაც ადამიანები ცრურწმენებისგან გაათავისუფლა და მორალური ტრანსფორმაციისკენ უბიძგა", - აღნიშნა როდრიგესის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ჟურნალისტმა კრეიგ ბართოლომიუმ.
პოპულარობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა ინფორმაციის მოძიება თავად მუსიკოსზე. როდრიგესი ერთგვარ საიდუმლოდ, მირაჟად იქცა, რომელზეც არავინ არაფერი იცოდა. არსებობდა მხოლოდ ფოტო ფირფიტის ყდაზე და ჭორი, თითქოს მუსიკოსმა 1970-იანების დასაწყისში კონცერტის დროს, პირდაპირ სცენაზე მოიკლა თავი. ზოგი ირწმუნებოდა, რომ სიქსტომ იარაღიდან გასროლით დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, ზოგი კი, ამტკიცებდა, რომ პირდაპირ მაყურებლის წინაშე დაიწვა თავი.
* * *
1994 წელს აპართეიდის გაუქმების შემდეგ ბართოლომიუმ მეგობართან, მუსიკალური მაღაზიის მფლობელთან სტივენ სეგერმანთან ერთად გადაწყვიტა კერპად ქცეულ მუსიკოსზე ინფორამაციის შეგროვება. სამწლიანი ძიების შემდეგ, ბართოლომიუმ ჯერ Cold Fact-ის ერთ-ერთ სიმღერაში მიაკვლია უძვირფასეს მინიშნებას დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანზე - დირბორნზე, მერე კი, მაიკ თეოდორის კოორდინატები მოიძია ალბომის ყდაზე და იმავე საღამოს დაურეკა. წლების მანძილზე დაგროვილ კითხვებს შორის, მთავარი რა თქმა უნდა, როდრიგესის შოკისმომგვრელი სუიციდი იყო, თუმცა, ჟურნალისტის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ სიქსტო ცოცხალი იყო და დეტროიტში ცხოვრობდა. სასიამოვნო აღმოჩენით გახარებულმა ბართოლომიუმ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია და სასურველ შედეგსაც სწრაფად მიაღწია, რადგან რამდენიმე დღეში მიიღო მუსიკოსის ქალიშვილის - ევა როდრიგესის შეტყობინება.
* * *
როგორც გაირკვა, ორი მარცხიანი დისკის გამოშვების შემდეგ, სიქსტომ კიდევ ერთხელ სცადა შოუბიზნესში დამკვიდრება და 1979 წელს საგასტროლო ტურნე მოაწყო ამერიკაში, თუმცა მუსიკალურმა ინდუსტრიამ ისევ არ მოინდომა მისი მიღება და როდრიგესმაც საბოლოოდ თქვა უარი მუსიკალურ კარიერაზე, შექმნა ოჯახი და გააგრძელა მუშაობა მშენებლობაზე. თუმცა, 1981 წელს Wayne State University-ში მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი, რამდენიმე წლის შემდეგ კი, მართალია, უშედეგოდ, მაგრამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა დეტროიტის მერის პოსტზე. ერთი სიტყვით, როდრიგესს მოსაწყენად დრო ნამდვილად არ ჰქონდა, წლების შემდეგ კი, შორეული აფრიკიდან მიიღო კონცერტის მოწყობის შეთავაზება. მართალია, მოულოდნელი შეთავაზება მუსიკოსმა ხუმრობად მიიჩნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა და 1998 წლის მარტში ოჯახთან ერთად ეწვია კეიპტაუნს, სადაც მართლაც მეფური შეხვედრა მოუწყვეს.
აღფრთოვანებულ პუბლიკას, რომელსაც საყვარელი მუსიკოსი გარდაცვლილი ეგონა, საოცრების დაჯერება გაუჭირდა, თუმცა ეჭვები პირველსავე კონცერტზე გაქარწყლდა. მუსიკოსი სცენაზე გამოვიდა და როგორც თავად აღნიშნა, "ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სახლში დაბრუნდა", რადგან თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია სწრაფად აჰყვა მის სიმღერებს და რა გასაკვირია, რომ ყველა კონცერტმა ტრიუმფით ჩაიარა. მუსიკოსმა როგორც იქნა მოიპოვა დამსახურებული აღიარება, დაფასება და საკმაოდ სოლიდური ჰონორარი, რომელიც ოჯახის წევრებს და მეგობრებს დაურიგა, თვითონ კი, ისევ იმ ღარიბ ცხოვრებას დაუბრუნდა, რომელსაც წლების მანძილზე შეეჩვია და შეიყვარა.