ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ოკუპირბულ აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია და რუსული მხარე მხოლოდ საქმის ვითარებით დაინტერესდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.