ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-ი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე დაყრდნობით იუწყება, რომ არჩევნები სეპარატისტული რეჟიმის პრეზიდენტის გადადგომის დღიდან სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ე.წ.-მა პარლამენტმა „საპარლამენტო არჩევნების“ თარიღის საკითხი შესაძლოა, 28 ნოემბერს განიხილოს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, ასლან ბჟანიას თანამდეობიდან გადადგომას მხარი გუშინ დაუჭირა. მანამდე, ადგილობრივმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ასლან ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა, თუმცა თავად ბჟანიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის სოფელ ტამიშში იმყოფებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმსა და ე.წ ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების განხორციელება გამოიწვევს საცხოვრებლის ფასების გაძვირებას და ასევე შეიცავს რისკებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.