ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვენესუელელმა ხალხმა 28 ივლისს თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტი გახადა. მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას მოითხოვს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოგვიანებით, გონსალესმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.