Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა. გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთმა 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, სამხედრო ობიექტს ატკამსის ტიპის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. პარალელურად, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,.დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებას რთავენ, სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, რაც ესკალაციას იწვევს. მისი მტკიცებით, დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ, უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ინსტრუმენტად გამოიყენონ.