თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიო დე ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინის დეტალები გააანალიზონ. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევენ. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე უფრო გაბედულ, წინდახედულ ნაბიჯებს გადადგამს. პარალელურად, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე კომენტარი ჯოზეფ ბორელმაც გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირის ბედს განსაზღვრავს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია.