მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვარი 7 მილიონ 173 ათს 157-ჯერ გადაკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქედან 77% უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ საზღვრის კვეთაზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში 2 748 806 შემოსვლა და 2 785 564 გასვლა დაფიქსირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთაში უდიდესი წილი კვლავაც რუსეთზე მოდიოდა. მაგალითისთვის, მესამე კვარტალში უცხოელების შემოსვლის 28% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. შსს-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში შემოსვლის 768 937 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელმა 778 700 შეადგინა.
მონაცემები აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში საქართველოდან 9 763-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.