მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8 მილიარდ 832 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც არსებული გაცვლითი კურსით 24 მლრდ ლარზე მეტია. ეს მონაცემი მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც დაახლოებით 392 მლნ დოლარით, თუმცა დაახლოებით 200 მლნ დოლარით ნაკლებია 2023 წლის სექტემბერთან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8 მილიარდ 440 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი 9 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ წლის ოქტომბერში უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8 მილიარდ 453 მილიონი დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6 მილიარდ 395 მილიონ დოლარს შეადგენდა, ორმხრივი კრედიტორების ვალი კი დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარია. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 378.8 მლნ დოლარია.