მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ დილის 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ომბუდსმენი დაპირისპირების დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებსა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაზე საუბრობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით.