გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ პარტიულ ყრილობაზე ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად წარადგინა. ჰაბეკიმ პარტიულ ყრილობაზე 768 ხმიდან 741 ხმა, ანუ დაახლოებით, 96 პროცენტზე მეტი მიიღო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, კოალიციაში ყოფნისას საზოგადოების ნდობა დაკარგა, მაგრამ, როგორც პარტიის კანდიდატს გერმანელი ხალხისთვის, პასუხისმგებლობის აღება სურს. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება. მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.